კერძო სექტორი მერძევე ქალებს საქმიანობის განვითარებაში ეხმარება
თარიღი:
ბრენდინგი და ონლაინსივრცეში, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელებში ეფექტური წარმოჩენა თანამედროვე ბიზნესის წარმატების აუცილებელი კომპონენტია. თუმცა, მეწარმე ქალები, რომლებიც შედარებით მცირე საქმიანობებს ეწევიან, ამ მნიშვნელოვანი, მაგრამ ძვირადღირებული მიმართულების რეალიზებისთვის სათანადო რესურსის გამოყოფას ხშირად ვერ ახერხებენ. სწორედ ამიტომ, შესაბამის მხარდაჭერას მათი პროდუქციის გაყიდვების გაზრდასა და ზოგადად მეწარმეობის განვითარებაში განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია.
ეს აქტუალური საკითხი კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ტრენინგზე, რომელიც პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ წარმომადგენლებმა 8-9 მარტს, ზუგდიდში, ფერმერთა სკოლების მონაწილე მერძევე ქალებს ბრენდინგისა და კომუნიკაციების თემაზე ჩაუტარეს.
„ჯეპრა“ 2017 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერია და მერძევე ქალებისთვის ტრენინგიც ამ პრინციპების მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანიის კონსულტანტებმა „ფერმერთა სკოლის“ მონაწილეებს ბრენდინგის მიმართულებით ხელშეწყობა შესთავაზეს და მომდევნო თვეების განმავლობაში 5 მერძევე ქალის პროდუქციისთვის ლოგოები და სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი ვიზუალური მასალები შექმნეს. მუშაობის დაწყებამდე „ჯეპრას“ წარმომადგენლებმა ქალებისგან მათი ნაწარმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და თითოეულის ისტორია მოისმინეს, რაც საბოლოოდ კონკრეტულ მეწარმეებზე მორგებულ, თანამედროვე ლოგოებზეც აისახა.
„დღეს ადამიანები პროდუქციის შესაძენად ინფორმაციას ხშირად სოციალურ ქსელებში ეძებენ და საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ვიზუალს ანიჭებენ. ასეთ დროს გადამწყვეტია, მერძევე ქალებს საკუთარი პროდუქციის ონლაინპლატფორმები ჰქონდეთ. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. დარწმუნებულები ვართ, მათი საქმიანობა წარმატებით გაგრძელდება, რაშიც მათ სწორედ საინტერესო ისტორიების საფუძველზე შექმნილი ბრენდინგი დაეხმარებათ. ჩვენ კი მომავალშიც ამ ქალების გულშემატკივრები და მხარდამჭერები ვიქნებით“, - აღნიშნავს „ჯეპრას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერი თაკო ვარამაშვილი.
ფერმერთა სკოლები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2021 წლიდან ფუნქციონირებს. მონაწილეები იტალიური ყველის დამზადებას სწავლობენ, ლიბერთი ბანკის ტრენინგცენტრის კურსის ფარგლებში კი მეწარმეობის, ლიდერობისა და ბიზნესის ადმინისტრირების პრინციპებს ეცნობიან. ამას გარდა, ისინი ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერებასაც იმაღლებენ. შორენა შონიაც ერთ-ერთია მათგანია - 48 წლის ფერმერი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანიდან, რომელმაც პროექტში მონაწილეობის შემდეგ ქართულთან ერთად, იტალიური ყველის - კაჩოტასა და კაშხავალის წარმოებაც დაიწყო და ახლა უკვე საკუთარ ნაწარმს „ჯეპრას“ მიერ შექმნილი ბრენდინგით წარადგენს.
„ეს ლოგო, სახელი და ვიზუალური მასალა დამეხმარება, ჩემი საქმიანობა მომხმარებლებს უკეთ გავაცნო, მათი რიცხვი გავზარდო, არა მარტო ონლაინსივრცეში, არამედ სხვადასხვა ღონისიძებაზეც ჩემ მიერ წარმოებული სუფთა და ნატურალური პროდუქცია უფრო კარგად წარმოვაჩინო“, - ამბობს შორენა.
ფერმერთა სკოლები პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.