საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გენდერულ მეინსტრიმინგს აძლიერებს
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებისა და შესაბამისი ცოდნის გაზიარების კუთხით პარტნიორობას აგრძელებს.
ამ მიზნით, 7-9 ივლისს, სამინისტროს თანამშრომლებისთვის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც უწყების სხვადასხვა დეპარტამენტისა და განყოფილების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გადამზადებული კადრები, რომლებიც წლებია, სამინისტროში გენდერული მეინსტრიმინგის მიმართულებას ხელმძღვანელობენ.
შეხვედრის მონაწილეებმა უსაფრთხოების სექტორის კარგ მმართველობაზე, თავდაცვის სფეროში გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირების თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებზე, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის კურსებსა და მოდულებში მათ დანერგვასა და გენდერული პერსპექტივის გათვალისწინების საკითხებზე იმსჯელეს. დამსწრეები ისეთ სიახლეებსაც გაეცნენ, როგორებიცაა ინტერსექციური მიდგომა უსაფრთხოების სექტორში, სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. მრავალფეროვანმა აუდიტორიამ საშუალება მოგვცა, თავდაცვის ძალებში არსებული გამოწვევებისთვის სხვადასხვა კუთხით შეგვეხედა, მიგვეღო რჩევები მათი გადაჭრის შესახებ. მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა, კოლეგებისთვის საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა. ვფიქრობ, თავდაცვის სამინისტროში გენდერული პერსპექტივების ინტეგრაციის გაუმჯობესებას ერთობლივად შევძლებთ“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა, ეკატერინე ხარაშვილმა.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია თავდაცვის სამინისტროში გენდერული მეინსტრიმინგის მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს. ამ მიზნით, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრთან (DCAF) თანამშრომლობით, უახლოეს თვეებში დაგეგმილია არაერთი ინიციატივა, რომლებიც 2020 წელს შემუშავებულ პრაქტიკული მითითებების კრებულს “თავდაცვა და გენდერი“ დაეფუძნება.
შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში” ფარგლებში გაიმართა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.