გაეროს ქალთა ორგანიზაცია უშიშროების სექტორს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში ეხმარება
თარიღი: ხუთშაბათი, 1 დეკემბერი, 2016 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, უშიშროების სექტორში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობის პროცესში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს; ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით სამინისტროს ძალისხმევაზე გაამახვილა ყურადღება. მან ხაზი გაუსვა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებით ქვეყნის პასუხისმგებლობის მნიშვნელობასაც, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა სულ უფრო მეტად ადასტურებს. „თავდაცვის სამინისტრო საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების კუთხით მჭიდრო და ერთგული პარტნიორია. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მზადაა, პოლიტიკასა და საქმიანობაში გენდერული საკითხების მეინსტრიმინგის კუთხით მიღწეული შედეგების გასაუმჯობესებლად, სამინისტროს მომავალშიც დაეხმაროს“,- აღნიშნა ერიკა კვაპილოვამ.
ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და თავდაცვის სამინისტროს შორის პარტნიორობის ახალ საფეხურს წარმოადგენს. იგი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელი, 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. კერძოდ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამინისტროს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ანგარიშვალდებულების მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციაში, ასევე თავდაცვის სექტორში გენდერული საკითხების მეინსტრიმინგის მიზნით ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებაში გაუწევს დახმარებას.