გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებისთვის უსაფრთხოების სექტორში გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ცოდნის გაზიარებას აგრძელებს

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტი ადრიანა გრინბლატი სექსუალური შევიწროების შესახებ სესიას უძღვება. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონსულტანტი ადრიანა გრინბლატი სექსუალური შევიწროების შესახებ სესიას უძღვება. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებთან გენდერული პრინციპების მეინსტრიმინგისა და სხვა შესაბამისი ცოდნის გაზიარების კუთხით თანამშრომლობას აგრძელებს.

ამ მიზნით, 3-4 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორებისთვის ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის პრინციპების, ასევე, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების აკადემიის სასწავლო კურსებში ინტეგრირებას. სულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 11 ტრენერი გადამზადდა.

მსმენელები ორი დღის განმავლობაში უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირების (გენდერის მეინსტრიმინგის) თანამედროვე მიდგომებს, ასევე, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს გაეცნენ. საუბარი შეეხო გენდერული როლების, თანასწორობის მიდგომებისა და განმარტებების განხილვას, ქალის როლს პოლიციაში, განსხვავებული საჭიროების მქონე მოქალაქეებისადმი ინდივიდუალურ და საჭიროებებზე დაფუძნებულ მიდგომასა და გენდერულად მგრძნობიარე უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სამუშაოს წარადგენენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ტრენინგის მონაწილეების ჯგუფურ სამუშაოს წარადგენენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ტრენინგი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონმდებლობასა და არსებულ პრაქტიკაში გენდერის საკითხებთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც შეეხო. ამასთან, სექსუალური შევიწროების ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვისას მონაწილეებმა პრაქტიკული მაგალითები განიხილეს და ამ მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ცვლილებებზე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელეს.

ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორის, ეკატერინე ქირიას განცხადებით, ტრენინგმა ინსტრუქტორებისთვის საინტერესო მრავალი საკითხი მოიცვა: „შესაძლებლობა გვქონდა, უფრო მეტად გაგვეღრმავებინა არსებული ცოდნა, გავცნობოდით საერთაშორისო პრაქტიკას და გვემსჯელა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ. ეს ცოდნა თითოეულ ჩვენგანს გენდერულ საკითხებზე ტრენინგის უკეთ დაგეგმვა-განხორციელებასა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარება“, - აღნიშნა ეკატერინე ქირიამ.

ტრენერთა ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.