ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები მონაწილეობენ

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი მაკო ავალიანი, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს წარადგენს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი მაკო ავალიანი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს წარადგენს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას მის ეფექტიანობაში განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია. ამ მიზნით, 28 ივლისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

დისკუსიისას დევნილმა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა ქალებმა და გოგოებმა იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს, რომლებიც მათ წინაშე ყოველდღიურად დგას. მონაწილეების თქმით, ახალ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურასთან, ტრანსპორტთან, საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობასთან, განათლებასთან, ადამიანის უსაფრთხოებასა და დევნილთა გრძელვადიან განსახლებასთან დაკავშირებული საკითხები.

„ახლა პარალელს ვავლებ იმ წინა რეკომენდაციებთან, 2011 წელს, პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს, გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ ქალებთან რომ შევაგროვეთ. 2011 წელსაც ზუსტად ეს პრობლემები იყო დასახელებული: ამბულატორიების გაუმართაობა, საყოფაცხოვრებო პუნქტების ხელმისაწვდომობა, სკოლებისა და ბაღების პრობლემები. ძალიან მინდა, ახალი სამოქმედო გეგმით ეს პრობლემები აღმოიფხვრას და შემდეგ შეხვედრებზე ზუსტად ვიცოდეთ, რა ხდება და რა გაკეთდა ამ თუ სხვა მიმართულებით“ ,- განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მცხოვრებმა, ციცინო ბიბლაიამ.

სამოქმედო გეგმის შემუშავება მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოება უკვე ჩაერთო. მომდევნო ეტაპზე კი სამიზნე მუნიციპალიტეტებთან შეხვედრაა არის დაგეგმილი. ამ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ის საკითხებიც წარედგინებათ, რომლებიც დევნილმა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა ქალებმა და გოგოებმა დააყენეს. საკონსულტაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ კი ეროვნული სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია შემუშავდება და დამტკიცებისთვის საქართველოს მთავრობას წარედგინება.

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში” ფარგლებში გაიმართა. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.