საჯარო სამსახურში გენდერული თანასწორობის გაძლიერება საჯარო სამსახურის ბიუროსთვის პრიორიტეტი ხდება
თარიღი:
გენდერული უთანასწორობა საქართველოს საჯარო სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება: ქალები საჯარო მოხელეების 30%-ს შეადგენენ და ზედა რგოლის მენეჯერული პოზიციების მხოლოდ 36%-ს იკავებენ. აღნიშნული დისბალანსის შემცირებისა და დასაქმების გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შექმნის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საჯარო სამსახურის ბიურო თანამშრომლობას აძლიერებენ.
14-15 ივლისს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საჯარო სამსახურის ბიუროსთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის ბიურო საქართველოში საჯარო სამსახურის პოლიტიკის განხორციელებასა და საჯარო მოხელეების პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაზე პასუხისმგებელ უწყებას წარმოადგენს. სემინარი მიზნად საჯარო სამსახურში გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების მექანიზმების გაძლიერებას ისახავდა.
შეხვედრის მონაწილეებმა 2020 წელს საჯარო სამსახურის ბიუროში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის შედეგებიც განიხილეს და უწყებაში გენდერული მეინსტრიმინგის სამომავლო პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
„თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის შედეგებმა გენდერული მეინსტრიმინგის კუთხით პრიორიტეტების განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. რეკომენდაციების გათვალისწინებით, საჯარო სამსახურის ბიურო გენდერული თანასწორობის შიდა სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას აპირებს”,- განაცხადა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ და დასძინა, რომ ყველა საჯარო მოსამსახურისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი სამუშაო გარემოს შექმნა, საჯარო სამსახურში გენდერული ბალანსის მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის პოპულარიზაცია საჯარო სამსახურის ბიუროს პრიორიტეტს წარმოადგენს.
სამოქმედო პრიორიტეტების დასახვის გარდა, სემინარმა მონაწილეებს საშუალება მისცა, მიღწეული პროგრესი განეხილათ და მის შესახებ ემსჯელათ. 2020-2021 წლებში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისიისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელობით, რვა საჯარო უწყებამ, მათ შორის საჯარო სამსახურის ბიურომ, სექსუალური შევიწროების გასაჩივრების შიდა მექანიზმები შეიმუშავა და დანერგა. საჯარო სამსახურის ბიურო ამ მექანიზმების კუთხით კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების მხარდაჭერას გეგმავს.
”სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ გასაჩივრების შიდა მექანიზმების დანერგვა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ხელშემწყობი სამუშაო გარემოს შესაქმნელად, განსაკუთრებით კი ქალი საჯარო მოხელეებისთვის”, - აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში თამარ საბედაშვილმა. მან საჯარო სექტორში გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში საჯარო სამსახურის ბიუროს სტრატეგიულ როლს გაუსვა ხაზი და დაადასტურა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მზაობა, მხარი დაუჭიროს ბიუროს ამ რეფორმის განხორციელების პროცესში.
ინიციატივა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ”კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” პროექტის ფარგლებში ხორციელდება.