ქართველი ქალების ისტორიული როლის შესახებ პუბლიკაცია შეიქმნა

თარიღი:

პუბლიკაცია “ქალის სტატუსი საქართველოში XII-XVIII სს”, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, შექმნა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
პუბლიკაცია “ქალის სტატუსი საქართველოში XII-XVIII სს”, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, შექმნა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ქალთა პოლიტიკური გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა გენდერული თანასწორობის, კარგი მმართველობისა და დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტური წინაპირობაა. მიუხედავად ამისა, ქალები კვლავაც ნაკლებად არიან წარმოდგენილები პოლიტიკურ და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე როგორც გლობალურად, ისე საქართველოში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ პრობლემის ირგვლივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და იმ დისკრიმინაციული გენდერული ნორმებისა და ბარიერების ცვლილებაა, რომლებიც ქალების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას აფერხებს. საგულისხმოა, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები მრავალმხრივია და ქალების მხარდაჭერასა და საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, ისტორიული წარსულისა და ქალების წვლილის შესწავლასაც მოიაზრებს.

ამ მიზანს ემსახურებოდა პუბლიკაცია “ქალის სტატუსი საქართველოში XII-XVIII სს”, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, შექმნა. გამოცემა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ისტორიულ სამართლებრივ კრებულებს, აქტებსა და სასამართლო პრაქტიკას აერთიანებს. ის თავს უყრის მნიშვნელოვან, უნიკალურ ინფორმაციას და მრავალფეროვან ექსკურსს იძლევა ქართველი ქალების სამართლებრივი სტატუსის შესახებ. პუბლიკაციის შინაარსზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გუნდმა იმუშავა.

როგორც შესწავლილი დოკუმენტებიდან ჩანს, საქართველოში ქალები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში აქტიურად იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები და სახელმწიფოს მართვაშიც მონაწილეობდნენ. საგულისხმოა, რომ მათ ჰქონდათ პირადი ქონების ფლობისა თუ განკარგვის უფლება და ამ ქონებას ქალები სხვადასხვა სახითა და გზით იღებდნენ. ქალის უფლებები მკაფიოდ იყო გათვალისწინებული მართლმსაჯულების განხორციელების პროცესსა და საქორწინო სამართალშიც.

“წიგნი წარმოაჩენს როლს, რომელსაც ქალები ასრულებდნენ საქართველოში მიმდინარე სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ მოვლენებში და განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ქალი და სახელმწიფო სამსახური, ქალი, როგორც ქონების მესაკუთრე, ქალის სტატუსი ოჯახსა და სამართალწარმოების პროცესებში. შესაბამისად, პუბლიკაცია ღირებულ და უნიკალურ რესურსს წარმოადგენს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს თემები შეიძლება აინტერესებდეს”, - აღნიშნავს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ ჭოხონელიძე.

ქალების წვლილი მსოფლიოს თუ საქართველოს ისტორიაში ხშირად უცნობი ან ნაკლებად გამოკვლეულია, რაც შესაბამისი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ლიტერატურის სიმწირესაც განაპირობებს. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი პუბლიკაცია ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია. მისი მოძიება დაინტერესებულ მკითხველებს - სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებსა და ა.შ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეუძლიათ, ელექტრონული ვერსია კი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ვებგვერდზეა განთავსებული.

წიგნი მომზადებულია პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.