ბორჯღალოსნები მოედანზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის მხარდასაჭერად

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, ივლისში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, სამხრეთ აფრიკასთან გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით ითამაშებს.

თარიღი:

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი მაისურებით. მარცხნიდან მარჯვნივ: მორაგბე ჯაბა ბრეგვაძე, მორაგბე გიორგი ცუცქირიძე, მთავარი მწვრთნელი ლევან მაისურაძე, კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი/გოგიტა ბუხაიძე
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი მაისურებით. მარცხნიდან მარჯვნივ: მორაგბე ჯაბა ბრეგვაძე, მორაგბე გიორგი ცუცქირიძე, მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი/გოგიტა ბუხაიძე

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ასამაღლებლად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2 და 9 ივლისს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით ითამაშებს.

მატჩების მნიშვნელობას რამდენიმე ფაქტორი ზრდის: სამხრეთ აფრიკისთვის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ეს პირველი თამაშები იქნება, 2003 წლის შემდეგ საქართველოს და სამხრეთ აფრიკის გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან და ბოლოს: მატჩებს რაგბის სამყაროც განსაკუთრებით ელოდება, რადგანაც, პანდემიის გამო, არაერთი მასშტაბური ღონისძიება, მათ შორის - სპორტულიც, ხანგრძლივად იყო შეჩერებული.

„გადავწყვიტეთ ეს განსაკუთრებული მოლოდინით სავსე მატჩები გლობალურ გზავნილად გვექცია. უარი ვთქვით სპონსორობაზე, რათა სოციალურ პროგრამებში ჩვენი დიდი ხნის პარტნიორის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერა ახლა უკვე გლობალური ჭრილში გაგვეგრძელებინა. გვინდა, მთელ მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ნებისმიერ თამაშზე მნიშვნელოვანია“, - აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე.

„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება და ასეთ მნიშვნელოვან ტესტებს ამ ლოგოთი ვითამაშებთ. ქალთა მიმართ ძალადობა მსოფლიოს პრობლემაა და მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ახლა უკვე გლობალური მასშტაბით ვუერთდებით. მთავარი სპონსორის ნაცვლად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოთი გამოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილია ქალთა მხარდასაჭერად“, - აღნიშნავს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი მაისურებით ღია ვარჯიშს მართავს. ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი/გოგიტა ბუხაიძე
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი მაისურებით ღია ვარჯიშს მართავს. ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი/გოგიტა ბუხაიძე

ქართველ მორაგბეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ. თანამშრომლობა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში კაცების მონაწილეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

„ჩვენთვის პატივია, რომ გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებაში კიდევ ერთხელ ვერთვებით და ზაფხულის ტესტების უმნიშვნელოვანეს თამაშებზე ამ გზავნილით გავალთ“, - დასძენს ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე.

„მრავალი წელია, რაც რაგბის კავშირი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, ამ საკითხში ჩვენ თანამებრძოლები ვართ. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბორჯღალოსნები ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ქალთა უფლებებსა და მათ გაძლიერებას უძღვნიან“, - აცხადებს საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ საბედაშვილი.

აღსანიშნავია, რომ 17 ივლისს ბორჯღალოსნები „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, მოედანზე კვლავაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით გავლენ და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.

ქართველმა მორაგბეებმა გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - UNiTE to End Violence against Women და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის HeforShe ეგიდით, არაერთი საერთაშორისო მატჩი გამართეს. ამასთან, ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ კაცებსა და ბიჭებს ხვდებიან და მათ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ესაუბრებიან.