„კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობა“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სახელმძღვანელო წარადგინა

თარიღი:

სახელმძღვანელოს "გენდერი, კონფლიქტი და მშვიდობა" წარდგენა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
სახელმძღვანელოს "კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობა" წარდგენა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის პოპულარიზაციის ერთ-ერთ ეფექტიან გზას უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურზე მისი ინტეგრირება და გენდერის, კონფლიქტისა და მშვიდობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის აღნიშნული საკითხების შეთავაზება წარმოადგენს. ამ მიზნის განხორციელების პროცესში კი შესაბამისი სასწავლო მასალის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მშობლიურ ენაზე.

სწორედ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი სახელმძღვანელო „კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობა“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძალისხმევით ქართულ ენაზე მომზადდა. მასში მიმოხილულია გენდერის, კონფლიქტისა და მშვიდობის ძირითადი ცნებები და თეორიები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მთავარი მიმართულებები, მათი განვითარების ისტორია, მიღწევები და დარჩენილი გამოწვევები. სახელმძღვანელო გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 30 მარტს, ონლაინპრეზენტაციაზე წარადგინა.

ღონისძიების გახსნისას საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ საბედაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის (2000) მიღების შემდეგ მიღწეულ პროგრესსა და ცვლილებებზე, რომლებიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში განხორციელდა. როგორც მან აღნიშნა, ამ სახელმძღვანელოს პირველი რედაქცია 2003 წელს, გაეროს განვითარების ფონდი ქალთათვის (UNIFEM) მხარდაჭერით მომზადდა. განახლებული რედაქცია მეტ ინფორმაციას გვთავაზობს, განსაკუთრებით დაგროვილი გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით იმ გამოწვევებსა და ბარიერებზეც, რომელთა დაძლევაც მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში ქალების ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფადაა მნიშვნელოვანი.

როგორც სახელმძღვანელოს ინიციატორმა და ერთ-ერთმა ავტორმა, კონფლიქტის ანალიზისა და მართვის ინსტიტუტის დირექტორმა, გუგული მაღრაძემ აღნიშნა, სახელმძღვანელო გენდერის, კონფლიქტისა და მშვიდობის სამეცნიერო დარგის ყველა ძირითად საკითხს მოიცავს. იგი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის. „გენდერული უთანასწორობა სოციალური კონსტრუქციაა, რომელიც ძალაუფლებრივ ურთიერთობებს გამოხატავს და სტრუქტურულ და კონცეპტუალურ მიდგომას საჭიროებს, რისი აღქმისა და გააზრების საუკეთესო შესაძლებლობასაც აღნიშნული სახელმძღანელო გვაძლევს“ ,- დასძინა მან.

სასწავლო კურსებში ინტეგრირების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახალი სახელმძღვანელოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის გაცნობას გეგმავს. შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ იგი აკადემიურ სივრცეებში აქტიურად დაინერგება. ეს კი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მიმართულებით სამეცნიერო ინტერესის გაღრმავებას, კონფლიქტის გენდერული ანალიზის დამკვიდრებას, კონფლიქტის ტრანსფორმაციას, მშვიდობის მშენებლობაში ქალების მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენასა და მათი ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.