გლობალური მოძრაობის „თანასწორობის თაობა“ წარდგენა თბილისის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე

თარიღი:

გლობალური მოძრაობის „თანასწორობის თაობა“ წარდგენა
 

საფრანგეთის საელჩომ საქართველოში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისებმა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე გლობალური მოძრაობა „თანასწორობის თაობა” წარადგინეს.

ფორუმი „თანასწორობის თაობის მოძრაობა ადგილობრივი კონტექსტისთვის“ 11 მარტს, ონლაინფორმატში, გენდერული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. იგი გლობალური მოძრაობის გაცნობას, ქართულ რეალობაში ინტეგრირებასა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ისახავდა მიზნად.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა: „თანასწორობის თაობის“ მოძრაობა შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფოებმა, ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის კუთხით, 1995 წელს, პეკინის კონფერენციაზე აიღეს. სწორედ ახლაა ის მომენტი, როცა უნდა გავაანალიზოთ, რა გაკეთდა, რამდენად წავიწიეთ წინ და რა რჩება გამოწვევად. ახლა ერთიანი ძალისხმევით უნდა ვიმუშაოთ, რათა დავსახოთ სამომავლო ნაბიჯები იმისთვის, რომ ყველა ქალსა და გოგოს ჰქონდეს ღირსეულად და დაცულად ცხოვრების შესაძლებლობა.“

სოლიდარობასა და კოორდინირებულ მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პანდემიის კრიზისიდან გამოსვლის, ინკლუზიური და მდგრადი მსოფლიოს მშენებლობაში, სადაც გენდერული თანასწორობა პოლიტიკის, განვითარების პროგრამებისა და ყოველდღიური ცხოვრების მამოძრავებელია. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდი და საფრანგეთის საელჩო არასამთავრობო და სამთავრობო პარტნიორებთან ერთად, საქართველოში „თანასწორობის თაობის“ მოძრაობის განვითარებას ერთიანი ძალისხმევით შეეცდებიან.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება ბატონმა დიეგო კოლასმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის ვალდებულებას გენდერული თანასწორობისადმი, აღნიშნა რა, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა გადაწყვიტა, გენდერული თანასწორობა მისი საპრეზიდენტო ვადისა და საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად აქციოს. დღეს, როცა პანდემიის პირობებში ქალთა უფლებები განსაკუთრებით იზღუდება, საფრანგეთი მტკიცედ რჩება თანასწორობის ერთგული. ამ ვალდებულების საილუსტრაციოდ, ბატონმა დიეგო კოლასმა მოკლედ წარმოადგინა ინიციატივები, რომლებსაც საფრანგეთი თანასწორობის თაობის ფორუმის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციისა და დაცვის მიზნით ახორციელებს. ასევე, გამოაცხადა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ყოველწლიური პრიზი, რომელიც 2021 წელს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციას დაეთმობა, რაც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ქალებისა და გოგოებისთვის.

ონლაინფორუმს სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციების, გენდერის თემატური ჯგუფის, გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეებს გაეგზავნათ ის ბმულებიც, რომელთა დახმარებითაც მათ მეხიკოს ონლაინფორუმსა და მოქმედებათა კოალიციაში რეგისტრაციის საშუალება აქვთ.