თანასწორობის თაობა თანასწორი მომავალისთვის

თარიღი:

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში მონაწილეობდნენ. ფოტო: ჯიპა
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებმაც მულტიმედია პროექტები შექმნეს. ფოტო: ჯიპა

თანასწორობის მიღწევისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო გეგმის მიღების 25 წლისთავზე გლობალური კამპანია „თანასწორობის თაობა“ წარადგინა. ინიციატივის მიზანი გენდერული თანასწორობის მიღწევის წამოწყებებში უფრო მეტი ახალგაზრდა აქტივისტისა და მომავალი ლიდერის ჩართულობაა.

გლობალური კამპანიის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელშეწყობით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის მაგისტრატურის სტუდენტებმა მულტიმედია პროექტებზე იმუშავეს. ჟურნალისტური ნამუშევრები ოთხ თემაზე მომზადდა: ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა, აუნაზღაურებელი საოჯახო საქმე, ქალები პოლიტიკაში და ქალთა მიმართ ძალადობა.

„პოლიტიკაში ქალების ჩართულობაზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. აღმოვაჩინეთ, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. ნებისმიერ ქვეყანაში იგრძნობა განსხვავება. თანაც, ქალი პოლიტიკოსები ხშირად უფრო ჩაცმით ფასდებიან, ვიდრე - სიტყვით, კაცების შემთხვევაში კი ტანსაცმელს ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ“,- ამბობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის სტუდენტი და პროექტის ერთ-ერთი მონაწილე სალომე ხაჟომია.

სტუდენტებმა შესრულებული პროექტები საზოგადოებას წარუდგინეს და თემებზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად საჯარო დისკუსიებიც გამართეს. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორის, თიკო ცომაიას თქმით, სტუდენტებმა საზოგადოებაში არსებული გენდერული უთანასწორობის პრობლემები ნათლად და საინტერესოდ ასახეს: „ჩვენი სტუდენტებისთვის მიუღებელია დისკრიმინაციული გარემო. მათი ისტორიებიც გულწრფელია და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ისინი მომავალში უფრო სამართლიან საზოგადოებაში იცხოვრებენ“, - აღნიშნავს ის.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია “თანასწორობის თაობის“ კამპანიის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის თემებზე ახალგაზრდების მიერ წამოწყებული ინიციატივების ხელშეწყობას კვლავაც გააგრძელებს. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის სტუდენტების პროექტებიც ამ ინიციატივის დასაწყისია.