გენდერული თანასწორობა სულ უფრო მეტი ორგანიზაციის საქმიანობაში ინტეგრირდება

თარიღი:

გენდერული კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა წარადგინა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გენდერული კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა წარადგინა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს მაღალანაზღაურებადი და სწრაფად მზარდი დარგი საქართველოშიც კაცებით დომინირებულ სექტორს წარმოადგენს. ქალების დაბალი ჩართულობა კი არა მარტო თავად ამ სფეროს, არამედ მთლიანად ეკონომიკის წინსვლასაც აფერხებს.

ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების მონაწილეობის გაზრდა წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს, რომლის მისაღწევადაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სამუშაო პროცესში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვით დაინტერესდა. ბოლო ორი წელია, უწყება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორია და ამ პრინციპების კორპორაციული კულტურის ნაწილად ქცევაზე მუშაობს. სამოქმედო გეგმაც, რომელიც სააგენტომ გენდერული კვირეულის ფარგლებში, 11 მარტს წარადგინა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შემუშავდა. მის მომზადებამდე კი უწყებაში თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი ჩატარდა და საბოლოო დოკუმენტიც სწორედ ამ აუდიტის შედეგებს დაეფუძნა.

„მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების ინტეგრირება განსაკუთრებით უნდა იყოს წახალისებული, რადგან დღეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება წარმოადგენს ღერძს, რომლის დახმარებითაც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში შეგვიძლია მივაღწიოთ რეალურ თანასწორობას. ვფიქრობ, სააგენტოს უკვე აქვს ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნასაც გამოვხატავთ“, - აღნიშნა სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სამოქმედო გეგმას სხვადასხვა სტრატეგიული მიზანი აქვს, მათ შორისაა: გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა და მისი ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა, სააგენტოს სისტემაში გენდერული თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბება, სერვისებსა და პროგრამებში გენდერული თანასწორობის დანერგვა და ხელშეწყობა, ამ სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, სააგენტოში სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოვლენა, შესაბამისი რეაგირება და პრევენციული ღონისძიებების გატარება, გენდერული ბიუჯეტირება და ა.შ. სააგენტო გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხითაც იმუშავებს.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ სამოქმედო გეგმის შესრულება უკვე დაიწყო. გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობა კი კვლავაც გაგრძელდება და ამჯერად უკვე გეგმის განხორცილების პროცესში მხარდაჭერასაც მოიცავს. 

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობა პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.