მენტორობა ქალთა გაძლიერებისთვის - გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მენტორობის სახელმძღვანელო წარადგინა
თარიღი:
მენტორობის პროგრამები მთელ მსოფლიოში თანამშრომელთა კმაყოფილების გაზრდისა თუ ქალთა გაძლიერების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევა და სულ უფრო პოპულარული ხდება.
2018 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, კრეატიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, ქალთა გაძლიერების მენტორობის პროგრამა წამოიწყო. ინიციატივის შედეგები კი შემდგომში სამუშაო ადგილებზე მენტორობის პროგრამების დანერგვის შესახებ სახელმძღვანელოს შექმნის საფუძვლად იქცა.
სახელმძღვანელო, რომელიც საქართველოში მოქმედ 11 კომპანიაში განხორციელებული საპილოტე პროგრამის გამოცდილებასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას აერთიანებს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 25 ივნისს, ონლაინპრეზენტაციაზე წარადგინა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, დოკუმენტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს კომპანიებს ისეთი სპეციალური ინიციატივების შექმნასა და ჩამოყალიბებაში, რომლებიც კონკრეტულად მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული.
პრეზენტაციის დამსწრეებმა იმსჯელეს, თუ რას უნდა მოიცავდეს მენტორობის პროგრამა და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი შეთავაზება. ინიციატივის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა კი საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრეს.
„მენტორობის პროცესში ორივე მხარე სწავლობს. მაგალითად, მე, როგორც მენტორმა ვისწავლე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსმენა, რადგან მოსმენისას საკუთარი თავის შესახებაც უფრო მეტს იგებ. ამავდროულად, ამ დროს მეტად შეგიძლია, მეორე ადამიანს ჯერ სურვილის მიზნად ქცევაში, შემდეგ კი მის მიღწევაში დაეხმარო. ჩვენს კომპანიაში განხორციელებულმა მენტორობის პროგრამამ დამანახა, რომ თუ ჩვენ ქალებს პიროვნულ და კარიერულ განვითარებაში დავეხმარებით, ისინი სამსახურებშიც მეტად პროდუქტიულები და კრეატიულები იქნებიან. ასე რომ, ყველა მხარე მოგებულია“, - აღნიშნა ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა მაია ქობალიამ, რომელიც თავადაც ერთ-ერთი მენტორი იყო.
მენტორობის პროგრამის დანერგვა და სახელმძღვანელოს შექმნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.