გაეროს ქალთა ორგანიზაცია ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას იწყებს

თარიღი:

გაეროს ორი სააგენტოს წარმომადგენლებმა ზუგდიდში არსებულ თუ პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს. ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გაეროს ორი სააგენტოს წარმომადგენლებმა ზუგდიდში არსებულ თუ პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.

პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ფარგლებში, გაეროს ორი სააგენტოს წარმომადგენლებმა სამიზნე რეგიონში არსებულ თუ პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს. კერძოდ, პროექტის შინაარსსა და მიზნებს გაეცნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა გაძლიერების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, საკონსულტაციო შეხვედრა შედგა ამავე მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსთან, გოგი რევიასთანაც. შედეგად, პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი კომპონენტის - ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და მუნიციპალიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები გამოიკვეთა.

„გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეს ინიციატივა, რომელიც ქალთა გაძლიერებისკენაა მიმართული, სრულიად ახალი ხედვაა. ძალიან კარგია, რომ ქალებს საკუთარი საქმიანობის განვითარების შესაძლებლობა აქვთ. ვფიქრობ, ეს დასაწყისი დროულია და სასარგებლო“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდგომ გოგი რევიამ.

პროექტი „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ მიზნად ფერმერ ქალთა ქსელის ჩამოყალიბებას, ტრენინგებისა და უნარების გაძლიერებით მათ განვითარებას ისახავს. პროექტის ფარგლებში ფერმერთა სასწავლო პლატფორმა - 20 საველე სკოლა შეიქმნება. სკოლებში კი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მონაწილე ქალები ბიზნესის დაწყების შესახებ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის კურსს გაივლიან, გაიღრმავებენ ლიდერობისა და მართვის უნარებს. პროექტი მონაწილეებს ეკონომიკურ გაძლიერებასა და იმ ბარიერების დაძლევაში დაეხმარება, რომლებიც მათი პოტენციალის განვითარებას აფერხებს.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომპონენტი ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასაც ითვალისწინებს. პირველი ტრენინგი სოფელ დარჩელში ქალთა უფლებების შესახებ ფერმერმა ქალებმა უკვე გაიარეს.

მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით კი სამომავლოდ ოჯახში ძალადობის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაც იგეგმება. პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.