ნონა ნონიაშვილი: ახალგაზრდა მეწარმე საქართველოდან კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად
თარიღი:
25 წლის ნონა ნონიაშვილმა საკუთარი კომპანიის საწარმოს გახსნა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში გადაწყვიტა, რათა გაჭირვებულ მოსახლეობას დახმარებოდა და ადგილობრივი ქალების გაძლიერებაზეც ეზრუნა. ონლაინგაყიდვებისა და სოციალური მედიის დახმარებით, მან COVID-19-ის პირობებშიც კი წარმოების უწყვეტ რეჟიმში გაგრძელება მოახერხა. ახლა ნონა მეწარმე ქალებს მოუწოდებს, იმედი არ დაკარგონ და საქმიანობა გააგრძელონ, რაც პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავების მთავარი პირობაა.
როგორც ნონა ნონიაშვილმა გვიამბო, მისი საოცარი იდეა სტუდენტობისას, უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დაიბადა.
მისთვის და მისი ორი კურსელისთვის, ახლა კი უკვე პარტნიორებისთვის - თამარ შეითნიშვილისა და შალვა მძინარაშვილისთვის - შთაგონების წყარო ხილის ჩირის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ ჩატარებული ლექცია აღმოჩნდა, რომელსაც ისინი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, კვების ტექნოლოგიასა და ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლისას ესწრებოდნენ.
მეგობრები იდეამ აღაფრთოვანა: ისინი მაშინვე მიხვდნენ, რომ ჩიფსი იდეალური პროდუქტი იქნებოდა ქვეყნისთვის, რომელიც ვაშლის საუცხოო ჯიშებითაა განთქმული. გადაწყვიტეს, ეცადათ, საშრობი საკუთარი ხელით აეწყოთ და შეექმნათ კომპანია, რომელიც ვაშლის ჩიფსების წარმოებას დაიწყებდა. თანაც, იცოდნენ: საქართველოში ჯანსაღი სასუსნავის არჩევანი არც ისე მრავალფეროვანი იყო, ამიტომ სურდათ, ისეთი პროდუქტი შეექმნათ, რომელიც სასარგებლოც იქნებოდა და ინოვაციურიც.
ამ ჩანაფიქრის საფუძველზე შეიქმნა „ენკენი“ - ვაშლის ჩიფსი, რომელიც ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდება.
თუმცა, „ენკენი“ განსაკუთრებულ საწარმოდ სხვა მიზეზის გამოც იქცა: იგი სოფელ დიცში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ ფუნქციონირებს. „ერთ-ერთი ჩემი ბიზნესპარტნიორი დიციდანაა. გადავწყვიტეთ, არჩევანი ამ ადგილზე შეგვეჩერებინა. კომპანიის დაარსების მნიშვნელოვანი ბიძგი და ჩვენი საქმიანობის მიზანიც სწორედ ეს იყო: სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება და ამ მხარის გაძლიერებაში მონაწილეობის მიღება“, - ამბობს ნონა.
გამარჯვებული წამოწყება
სამმა ახალგაზრდა მეწარმემ და იდეამ ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერების შესახებ, რა თქმა უნდა, საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო და „ენკენის“ ბიზნესგეგმამ მხარდაჭერა მოიპოვა.
„ბევრ ბიზნესშეჯიბრში მივიღეთ მონაწილეობა და მოვიპოვეთ თანხა, რომელიც „ენკენის“ დასაარსებლად ძალიან გვჭირდებოდა. გავემგზავრეთ ესტონეთში, სადაც სტუდენტურ ბიზნესკონკურსში პირველი ადგილი ავიღეთ“ , - აღნიშნავს ნონა. „სმარტაპ ჯორჯიაში“ გამარჯვებამ კი ახალგაზრდების ოცნებების რეალობად ქცევა გახადა შესაძლებელი. დიცში პატარა საწარმო სწორედ ამ თანხით აშენდა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დახმარებით, 2018 წლიდან „ენკენი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში” მონაწილეობს. პროექტის მიზანი ახალგაზრდა მეწარმე ქალებისა და ბიზნესის დაწყების მსურველთა ხელშეწყობაა. „ამ პროექტით მოპოვებულმა დაფინანსებამ ძალიან გაგვახარა. საშუალება მოგვეცა, საჭირო აღჭურვილობა შეგვეძინა და ახალი ჩიფსის წარმოება დაგვეწყო. „ენკენს“ ორი ქალი დამფუძნებელი ჰყავს, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ჩვენი საქმიანობით ამიტომაც დაინტერესდა. მათ დაინახეს, რომ წარმოებას გაფართოებისა და გლობალურ ბრენდად ქცევის დიდი პოტენციალი ჰქონდა“, - გვიყვება ნონა.
პანდემიამ ჩვენ ვერ შეგვაჩერა
ნონა ამბობს, რომ პანდემიამ მათ წარმოებაზე უმნიშვნელოდ იმოქმედა, რადგან საკვები პროდუქტის წარმოება აკრძალული არ ყოფილა. „ენკენმა“ შეძლო, პროდუქცია იმ მარკეტებსა და ონლაინპლატფორმის (soplidan.ge) დახმარებით გაეყიდა, რომლებთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დააკავშირა. პანდემიის პირობებში „ენკენის“ გუნდი ჯანსაღი ჩიფსის მარკეტინგზე მუშაობას აგრძელებდა. მათ მომხმარებლებს ადგილზე მიტანის უფასო სერვისი შესთავაზეს, რასაც შედეგად ჩიფსების პოპულარობის ზრდა მოჰყვა.
„სინამდვილეში, პანდემიის დროსაც კი, ჩვენი პროდუქციის გაყიდვები გაიზარდა“, - ამაყად ამბობს ნონა.
ის მოუწოდებს მთავრობებს, პანდემიის დროს მეტად დაუჭირონ მხარი მეწარმეებს, დაეხმარონ მცირე და საშუალო საწარმოებს აღჭურვილობითა თუ სხვა საჭიროებებით და უზრუნველყონ მათი ონლაინსერვისებთან სწრაფად ადაპტაცია.
პარტნიორობა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობასთან
პანდემია არ არის ის ერთადერთი სირთულე, რომლის გადალახვაც ნონასა და მის პარტნიორებს უწევთ. დიცი თბილისურ ალიაქოთს მოწყვეტილია. ნონას კვირაში 2-3-ჯერ 100 კილომეტრის გავლა უწევს. როგორც კი თბილისს გასცდებით, ქალაქის ხედს სოფლის პეიზაჟები და შენელებული ცხოვრება ცვლის, თუმცა როცა დიცში ჩადიხართ, ატმოსფერო სხვაგვარი ხდება.
სოფელში შესვლისთვის რამდენიმე გამშვები პუნქტის გავლა გიწევთ, რომლებსაც პოლიცია იცავს. გარემო აქ დაძაბულია და დასახლებაში მცხოვრებ 1,072 ადამიანს ცხოვრება მუდმივ სტრესში უწევს. მიზეზი კონფლიქტია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომით დაიწყო და დღესაც გრძელდება. ე.წ. ბორდერიზაცია დიცის მოსახლეობის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ვინაიდან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი უშუალოდ ამ სოფელზე გადის.
„დასაქმების მაჩვენებელი დიცში ძალიან დაბალია, რადგან მოსახლეობას ამის შესაძლებლობაც არ აქვს. მხოლოდ მიწის ნაკვეთებს ამუშავებენ. ადგილობრივები პირველებმა ჩვენ დავასაქმეთ, ამიტომ ისინი „ენკენს“ დიდი სიხარულით შეხვდნენ“, - ამბობს ნონა.
„ენკენის“ საწარმოს გახსნას 6 თვე მხოლოდ იმიტომ დასჭირდა, რომ იმ ადგილას ელექტროენერგიით მომარაგება არ იყო. დიცი კონფლიქტით დაზარალებული სოფელია და აქ რაიმეს აშენება დიდ სირთულეებს უკავშირდება. „ენკენი 2016 წელს დაარსდა, მაგრამ ჩვენი წარმოების დაწყება წელიწად-ნახევრით სოფელში არსებულმა გამოწვევებმა შეაყოვნა. თუმცა, რადგანაც საბოლოოდ საქმე მაინც ავაწყვეთ, ეს თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი მიღწევაა“, - გვიყვება ნონა.
ლიდერი ქალები საქართველოში
ნონა ოცნებობს, რომ დიცი ეკონომიკურად აყვავდეს, თუმცა მას განსაკუთრებით ადგილობრივი ქალების გაძლიერება აღელვებს. ამჟამად საწარმოში ექვსი აქაური ქალი მუშაობს, მეწარმეები კი ამ რიცხვის გაზრდას ცდილობენ. „საწარმოში ყოფნა ძალიან მომწონს. ჩვენთან დასაქმებული ყველა ქალი მიყვარს და მიხარია, რომ ამ პროდუქტს ყველანი ერთად ვქმნით. ეს ერთ დიდ ოჯახს ჰგავს“, - აღნიშნავს ნონა.
ჩვენთან დასაქმებული ყველა ქალი მიყვარს და მიხარია, რომ ამ პროდუქტს ყველანი ერთად ვქმნით.“
ნონასთვის მნიშვნელოვანია, „ენკენის“ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ქალი ჩართოს. მას სჯერა, რომ ეს საქმე უნდა გაფართოვდეს. მიაჩნია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოში საკუთარ ბიზნესს უფრო მეტი ქალი უძღვებოდეს, უფრო მეტს ჰქონდეს ხელმძღვანელი პოზიციების დაკავების სურვილი. „იმ კაცებსა და ქალებს შორის, რომლებიც ბიზნესში არიან ჩართულები ან წამყვან მენეჯერულ რგოლებში მუშაობენ, დიდი დისბალანსია. თუმცა, ტენდენცია მზარდია, განსაკუთარებით თბილისში, სადაც სულ უფრო მეტი ქალი ერთვება ბიზნესში, ან საკუთარ საქმეს იწყებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ამ მოვლენის ნაწილი მეც ვარ“, - ამბობს ნონა.
ტენდენცია მზარდია, განსაკუთარებით თბილისში, სადაც სულ უფრო მეტი ქალი ერთვება ბიზნესში, ან საკუთარ საქმეს იწყებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ამ მოვლენის ნაწილი მეც ვარ.“
— ნონა ნონიაშვილი
„როცა ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტე, ოცი წლის ვიყავი და მეგონა, ყველაფერი სწრაფად და მარტივად გამოვიდოდა“, - აღნიშნავს ნონა, რომელმაც უკვე იცის, რომ დაწყება შეიძლება რთული და დროში გაწელილი პროცესი იყოს, განსაკუთრებით ახალბედებისთვის. თუმცა, ქალებს მოუწოდებს, აუცილებლად სცადონ და თან ურჩევს: „საქმე, რომელსაც აკეთებთ, მთელი არსებით უნდა გიყვარდეთ და მზად იყოთ, თავი გადადოთ მისთვის.“
ერთად ბიზნესის მომავალი გაფართოებისკენ
ნონას ოცნება „ენკენის“ გლობალურ ბრენდად ქცევაა. ამ ოცნების ახდენაში კი მას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ეხმარება: მხარს უჭერს „ენკენის“ რებრენდინგსა და ექსპორტის შესაძლებლობების მოძიებას. „ეს დიდი მიზანია, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება, თუ „ენკენი“ ბევრი ქვეყნის ბაზარზე გავა“, - ამბობს ნონა.
ნონას კიდევ ერთი ოცნება სოფელ დიცს უკავშირდება. ის იმედოვნებს, რომ სამომავლოდ საწარმოს გააფართოებს, მეტ ადგილობრივს დაასაქმებს და თანამშრომლებს პიროვნულ თუ ეკონომიკურ განვითარებაშიც დაეხმარება. „ტრენინგებსა და სხვა სახის საგანმანათლებლო პროექტებს ვგეგმავთ, რათა ჩვენი თანამშრომლების მრავალმხრივ განვითარებას შევუწყოთ ხელი. გვსურს, მათ განვითარებაშიც დავეხმაროთ“, - აღნიშნავს ნონა.
თუ „ენკენი“ და სოფელ დიცის მოსახლეობა ერთმანეთს განვითარებაში დაეხმარებიან, ისინი აუცილებლად შთამბეჭდავ შედეგს მიიღებენ.
მოდით, ერთად წარმოვიდგინოთ ახალი მსოფლიო. თანასწორობა ყველგან. როგორ? ამაზე თანასწორობის თაობა გაგცემთ პასუხს! პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 25-ე წლისთავზე ჩვენ 25 ქალს ვთხოვეთ, იმ პრობლემებზე ესაუბრათ, რომლებიც კვლავაც დაფარულია და გაეზიარებინათ იდეები, თუ როგორ მივაღწიოთ ტრანსფორმაციას.