თამარ იოსელიანის სიტყვებით: "ქალები საზღვაო ინდუსტრიას აძლიერებენ"

თარიღი:

თამარ იოსელიანი. ფოტო: ლაშა ფალავანდიშვილი
თამარ იოსელიანი. ფოტო: ლაშა ფალავანდიშვილი

10 წელია, თამარ იოსელიანი საზღვაო ინდუსტრიაში მუშაობს - დარგში, რომელშიც გლობალურად კაცები დომინირებენ. 2018 წლიდან კი ის საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობს და საკუთარი მაგალითით არა მარტო ამსხვრევს გენდერულ სტერეოტიპებს, არამედ ინდუსტრიაში ქალების მონაწილეობის გაზრდაზეც აქტიურად ზრუნავს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორია. ეს თანამშრომლობა 2018 წელს, საზღვაო ინდუსტრიაში ქალთა განათლებისა და დასაქმების მხარდამჭერი მემორანდუმით და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო. დოკუმენტის საფუძველზე, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის თავად სააგენტოშიც არაერთი ინიციატივა განხორციელდა.

Quote

22 წლის ვიყავი, როცა კარიერა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დავუკავშირე და სამუშაოდ დედაქალაქიდან ბათუმში გადავედი. ოჯახი მირჩევდა, ამხელა პასუხისმგებლობა არ ამეღო და სამსახური თბილისში შემერჩია. იმასაც მეუბნებოდნენ, რომ ვერ გავძლებდი და რამდენიმე თვეში უკან დავბრუნდებოდი, თუმცა 10 წლის შემდეგაც მე აქ ვარ.

ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე: საზღვაო ინდუსტრია ძალიან საინტერესო, უდიდესი პოტენციალის მქონე სფეროა და განვითარების უზარმაზარ შესაძლებლობას იძლევა. თითქოს ჩაკეტილი და კონსერვატიული დარგია, თუმცა, ამავდროულად, ძალიან თავისუფალიც და ეს თავისუფლება მხიბლავს. მომწონს ისიც, რომ ჩემი საქმიანობით შემიძლია საზღვაო ინდუსტრიაში ქალებთან დაკავშირებული არასწორი წარმოდგენები შევცვალო, სტერეოტიპებს მიღმა ვიყო.

სამწუხაროდ, დამოკიდებულება, რომ ქალი და ზღვა ერთმანეთთან შეუთავსებელია საკუთარ თავზეც გამოცდილი მაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, თუმცა მერეც, როდესაც სააგენტოს ხელმძღვანელი გავხდი, უკვირდათ, რომ ეს სფერო ჩავიბარე.
რთულია, როცა შენი შესაძლებლობების მხოლოდ სქესის გამო არ სჯერათ, არათანაბარ პირობებში გაყენებენ, საპასუხისმგებლო დავალებას არ განდობენ ან მიღწეულ წარმატებას არ გიჯერებენ. ასეთი არასწორი დამოკიდებულება მერე ქალებსაც აკომპლექსებს, მოტივაციას უმცირებს. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ამ ინდუსტრიაში კაცები დასაქმებულთა 98%-ს შეადგენენ.

რა თქმა უნდა, წლებთან ერთად, რეალობა უკეთესობისკენ იცვლება. ქალების რაოდენობა იზრდება და სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ისინი კაცებს პროფესიონალიზმით არ ჩამორჩებიან. პოზიტიურ ცვლილებებზე გავლენას ახდენს გლობალური თუ ადგილობრივი განწყობაც, რომელიც ახლა გაცილებით ჯანსაღია, ვიდრე 10 წლის წინ. თვალში საცემია ამ სფეროში დასაქმებული კაცების, განსაკუთრებით ახალგაზრდების დამოკიდებულებებიც. ვფიქრობ, ეს ფაქტორები გენდერული თანასწორობის კუთხით მომავალშიც მნიშვნელოვან ტენდენციებს განაპირობებს.

სამწუხაროდ, ხელმძღვანელ პოზიციებზე მსოფლიოში სულ რამდენიმე ქალი ვართ. მათ შორის ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. მოტივაციას მმატებს, რომ ჩემი წვლილი არა მარტო დარგის განვითარებაში, არამედ ქალების მონაწილეობის გაზრდაშიც შევიტანო. ჯერჯერობით საქართველოში მხოლოდ 2 ქალი მეზღვაურია, მესამე პირველი ნაბიჯების გადადგმას ახლა იწყებს, თუმცა სააგენტოში უკვე მუშაობენ ქალები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით მთლიანად დარგს ავითარებენ და თავდაუზოგავად შრომობენ, რომ ის პოტენციალი, რაც ზღვას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს, რეალობად აქციონ.

ქალები საზღვაო ინდუსტრიას აძლიერებენ, ამიტომ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი რეალიზებისთვის, ვფიქრობ, უპირველესად განათლება და ცნობიერების ამაღლებაა საჭირო, არა მარტო სტერეოტიპების, არამედ მთლიანად საზღვაო სფეროს, მისი პოტენციალის პოპულარიზაციის კუთხით. მნიშვნელოვანია, გოგოებმა ინფორმაცია ამ ინდუსტრიის შესახებ სკოლის ასაკშივე მიიღონ, რათა მოუნდეთ, რომ შემდგომში კარიერა სწორედ მას დაუკავშირონ.

მიზნის მისაღწევად კოორდინირებული მოქმედებაა საჭირო, ამიტომ უმაღლეს სასწავლებლებთან, სკოლებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. 2016 წელს ქალთა საერთაშორისო და სავაჭრო ასოციაციაც ჩამოვაყალიბეთ, ვიყავით საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ქსელის დოკუმენტის თანაავტორები. 2018 წლიდან კი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, არაერთ კარგ ინიციატივას ჩავუყარეთ საფუძველი: ჩავატარეთ გენდერული აუდიტი და მისი შედეგების საფუძველზე სამოქმედო გეგმა შევადგინეთ, დავიწყეთ სექსუალური შევიწროების მექანიზმის დანერგვაზე მუშაობა, ქალებისა და გოგოების საზღვაო პროფესიებში გადამზადება და ა.შ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად ის მიმაჩნია, რომ საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც ახლა ქვეყანაში პირველად მუშავდება, საზღვაო სფეროში ქალების როლის გაძლიერების მხარდაჭერაც იქნება გათვალისწინებული. ეს ნიშნავს, რომ პროცესი სისტემაში მოექცევა, რაც აუცილებლად შეუწყობს ხელს ქალთა მონაწილეობის გაზრდას“.