სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმი კიდევ ხუთ საჯარო უწყებაში დაინერგა
თარიღი:
2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა სექსუალური შევიწროების აღკვეთისა და მასზე რეაგირების შესახებ კანონი მიიღო, სულ უფრო იზრდება იმ საჯარო უწყებების რაოდენობა, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სექსუალური შევიწროების გასაჩივრების შიდა მექანიზმებს ნერგავენ.
12 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე რეაგირების მიზნით, შიდა მარეგულირებელი მექანიზმის შექმნის დადგენილება მიიღო. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ანალოგიური მექანიზმები ასევე დაამტკიცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საჯარო სამსახურის ბიურომ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა. პროცესი გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხების უწყებათაშორისი კომისიის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანი საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმების შემუშავება და დანერგვაა.
„სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე გავრცელებული პრობლემაა. საქართველოში ყოველი 10 ქალიდან ერთი, ამბობს, რომ ამგვარი შევიწროება გამოუცდია. სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე თანაბარი შესაძლებლობებისა და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის მთავარი დაბრკოლებაა. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროებისა და დისკრმინაციის სხვა ფორმების პრევენცია და აღმოფხვრა მთავრობებისა და დამსაქმებლების პასუხისმგებლობაა, ამიტომ მივესალმებით საჯარო უწყებების გადაწყვეტილებას დანერგონ სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები. ეს საჯარო სამსახურში უსაფრთხო, თანასწორი და ხელშემწყობი გარემოს დანერგვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია“ - აცხადებს საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ საბედაშვილი.
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საჯარო უწყებებში სექსუალური შევიწროების აღკვეთისა და რეაგირების მექანიზმების დანერგვის პროცესში ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს. ინიციატივა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ნაწილია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.