გენდერული თანასწორობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დღის წესრიგში

თარიღი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიუღებელი საქციელის, მათ შორის ჩაგვრის, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროების, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის შესახებ საჩივრების შეტანისა და განხილვის პროცედურების დანერგვაზე მუშაობს.

სამუშაო შეხვედრა საჩივრების შეტანისა და განხილვის პროცედურების დანერგვასთან დაკავშირებით; ფოტო: UN Women
აღნიშნული ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს მიერ 2013 წელს მიღებული გენდერული თანასწორობის სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება. ამას გარდა, იგი ემსახურება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის ვალდებულებას უსაფრთხოების სექტორში ქალთა გაზრდილი მონაწილეობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის შესახებ.

2016 წლის 19-20 სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრთან თანამშრომლობითა და ავსტრალიის მთავრობის მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც მიზნად პროცედურების პირველადი პროექტის განხილვას ისახავდა.

დოკუმენტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის მონიტორიგნის ჯგუფის ხელმძღავნელმა მაკა პეტრიაშვილმა: „ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროში გასაჩივრების რამდენიმე გზა არსებობს: მათ შორის, გენერალური ინსპექცია, ცხელი ხაზი, ელექტრონული ფოსტა თუ საჩივრების ყუთები. ამ თემაზე მომართვიანობა არც ისე ხშირია, თუმცა ეს არ გვაძლევს უფლებას, ვიყოთ მშვიდად და ვიფიქროთ, რომ შეიარაღებულ ძალებში მსგავსი შემთხვევები ან მათი სამომავლო რისკები არ არსებობს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, პრაქტიკული დანიშნულების, ეფექტურად გამოყენებადი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც გასაჩივრების დამატებით, ეფექტურ მექანიზმებს შემოიტანს. ეს რეალურად დიდი ძალაა გენდერული თანასწორობის დაცვისა და განმტკიცებისთვის“,-დასძინა მაკა პეტრიაშვილმა.

გასაჩივრების პროცედურების დანერგვის მნიშვნელობაზე ყურადღება თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა სალომე ინწკირველმაც გაამახვილა: „მიმაჩნია, რომ დოკუმენტის დანერგვისთვის თითოეულ იერარქიულ საფეხურზე მყოფი მოსამსახურის ცნობიერების ამაღლებაა მნიშვნელოვანი და ეს არა მარტო შეამცირებს სამუშაო ადგილზე მიუღებელ ქცევას, არამედ ამგვარი ქმედების მსხვერპლს საკუთარი უფლებების დაცვასაც გაუადვილებს“.

დოკუმენტზე მუშაობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება, რის შემდეგაც მიუღებელი საქციელის, მათ შორის ჩაგვრის, სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროების, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის შესახებ საჩივრების შეტანისა და განხილვის პროცედურები სავალდებულო გახდება თავდაცვის სისტემაში მომსახურე ყველა თანამშრომელისთვის, მათ შორის თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში - თავდაცვის აკადემიაში, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში დასაქმებული ადამიანებისთვის.