მთავრობა სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმებს შეიმუშავებს

თარიღი: სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2020 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები 2019 წელს მიიღო. ამ ცვლილებებზე დაყრდნობით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას საჯარო სამსახურში სექსუალურ შევიწროებზე რეაგირების მექანიზმების დანერგვაში.

7-8 სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრა გამართა. იგი სხვადასხვა საჯარო უწყებაში სექსუალური შევიწროების შემთხვევების გასაჩივრების მექანიზმების შექმნას ეძღვნებოდა და მასში 13 საჯარო უწყების 35 წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრის მიზანი მონაწილეების მიერ სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმის შესახებ ინიციატივის განხილვა და თითოეული ორგანიზაციისთვის ინდივიდუალური სტრატეგიების შემუშავება იყო. აღსანიშნავია, რომ ამგვარი მექანიზმის არსებობა სახელმწიფო უწყებებში გენდერული მეინსტრიმინგის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და იგი სექსუალური შევიწროების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.

„სექსუალური შევიწროების შესახებ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე, საქართველოს მთავრობა საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე შიდა ორგანიზაციული რეაგირების მექანიზმების დანერგვას გეგმავს“. - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში. ინიციატივა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელობით, ეროვნული კანონმდებლობისა და ამ სფეროში საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ხორციელდება.

„სამუშაო შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო. შესაძლებლობა მოგვეცა, მეტი ინფორმაცია მიგვეღო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყება ვიქნებით, რომელიც საქართველოში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმს დანერგავს “, - აღნიშნა სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის წარმომადგენელმა, ეკატერინე მარხვაშვილმა.

სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ზომების მიღება პირდაპირ ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის“ საფუძველზე ნაკისრ ვალდებულებებს, რაც, სხვა ვალდებულებებთან ერთად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აკისრებს, გააძლიეროს ღონისძიებები ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის სექსუალური შევიწროების აღმოსაფხვრელად.

ინიციატივა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.