საქართველოს მთავრობა საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო მექანიზმების დასანერგად მუშაობას აფართოებს
თარიღი:
2018-2021 წლებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები 11 საჯარო უწყებაში დაინერგა. ამ ძალისხმევის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობას განაგრძობს.
25 მაისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით, საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობის შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა იმ საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებსაც სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო მექანიზმები ჯერ კიდევ არ აქვთ დანერგილი.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო შიდა მექანიზმების დანერგვისთვის ახალი უწყებების პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზებას. მისი მიმდინარეობისას განიხილეს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების გავრცელება, მიზეზები და შედეგები, საქართველოსა და მსოფლიოში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების დანერგვის წარმატებული გამოცდილება და გამოწვევები.
„სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის დანერგვის პროცესი ჩვენს სამინისტროში სწორედ ახლა მიმდინარეობს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მისი დანერგვის საჭიროება, მივიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ცოდნა, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით დაგვეხმარება“,- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა, თათია ნანეიშვილმა.
საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების ფუნქციონირების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 23-24 მაისს საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და სექსუალური შევიწროების შემთხვევების მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომით მოკვლევის საკითხებზე ტრენინგი გამართა. 2 დღის განმავლობაში მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და სექსუალური შევიწროების შემთხვევების მოკვლევის საკითხებზე, გაეცნენ გლობალურ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს. ტრენინგში მონაწილეობას იღებდა 20-მდე საჯარო მოხელე.
საჯარო სექტორში სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო მექანიზმების დანერგვის პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი.