საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმები ძლიერდება
თარიღი:
2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა სექსუალური შევიწროების აღკვეთისა და მასზე რეაგირების შესახებ კანონმდებლობა მიიღო, იმ საჯარო უწყებების რაოდენობა, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სექსუალური შევიწროების გასაჩივრების შიდა მექანიზმებს ნერგავენ, სულ უფრო იზრდება.
სწორედ ამ მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენდა სექსუალური შევიწროების მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ სამუშაო შეხვედრა, რომელიც 27-28 ოქტომბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ჩაატარა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ათი სახელმწიფო უწყების ოცამდე წარმომადგენელი ესწრებოდა, მონაწილეებმა ამ უწყებებში დანერგილი სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირების გამოწვევები განიხილეს და სამომავლო ნაბიჯები განსაზღვრეს. ამას გარდა, სამუშაო შეხვედრის მიზანს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შესახებ საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენდა.
სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმის არსებობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფო უწყებებში გენდერული მეინსტრიმინგისთვის, რაც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. 2018-2021 წლებში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიის ხელმძღვანელობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ცხრა სახელმწიფო უწყებამ, მათ შორის სამინისტროების 42%-მა ( 5 სამინისტრო 12-დან) სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო მექანიზმები დანერგა. ეს ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომპლექსური ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორებში სექსუალური შევიწროების შიდა გასაჩივრების მექანიზმების დანერგვას ისახავს.
„სამუშაო შეხვედრაზე უწყებებში არსებულ გამოწვევებისა და კარგი პრაქტიკების შესახებ ვისმჯელეთ, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, ჩვენს ორგანიზაციებში სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირების გასაძლიერებლად კონკრეტული ღონისძიებები დაგვეგეგმა”, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო კვირიკაშვილმა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით 2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში საჯარო მოხელეების 34%-ს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება გამოუცდია. სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ყველაზე ხშირად 35 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ სექსუალური შევიწროების საქმეების უმრავლესობა გარეშე პირებისთვის შეუმჩნეველი რჩება და მათი შეტყობინება არ ხდება.
ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.