გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ქალები სტრესთან გამკლავებას სწავლობენ

თარიღი:

ქალები ფსიქოლოგის ონლაინტრენინგებს ესწრებიან. ფოტო: კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი
ქალები ფსიქოლოგის ონლაინტრენინგს ესწრებიან. ფოტო: კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი

შიდა ქართლის რეგიონში, გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ ქალებს, რომლებმაც 2008 წლის კონფლიქტი გამოიარეს, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია არ გაუვლიათ. მათ პანდემიამდეც მუდმივ სტრესში უწევდათ ცხოვრება, COVID-19-მა კი ქალებს ძველი, კონფლიქტის დროინდელი ტრავმები კვლავ განუახლა.

სწორედ ეს რეალობა დაედო საფუძვლად კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე 10 სოფელში განხორციელდა.

კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრმა სამიზნე სოფლებში მცხოვრებ ქალებს 3 ონლაინტრენინგი ჩაუტარა. მათ შორის იყო სტრესის მართვისა და დროის ეფექტიანად გადანაწილების საკითხები. ამას გარდა, მონაწილეებმა ფსიქოლოგის კონსულტაციებიც მიიღეს და საინტერესო შეკითხვებზე პასუხებიც მოისმინეს.

„ფსიქოლოგიური ტრენინგები ძალიან საჭიროა ჩვენთვის. იქედან გამომდინარე, რომ გამყოფ ხაზთან ვცხოვრობთ, თითქოს შეგუებულებიც ვართ მუდმივ სტრესს. ფსიქოლოგიური საუბრები და რჩევები ძალიან გვამშვიდებს. მეც და მონაწილე ქალებსაც აგვიმაღლდა ცნობიერება სტრესთან გამკლავებაზე, მანამდე შიშის გრძნობა გვქონდა, რასაც ირგვლივ არსებული დეზინფორმაციაც ამძაფრებდა. მოხარულები ვიქნებით, თუ ხშირად იქნება ასეთი აქტივობები“, - აღნიშნა შეხვედრების შემდეგ ციცინო ელიკაშვილმა სოფელ ზარდიაანთკარიდან.

ფსიქოლოგმა მონაწილეებს ბავშვებთან კომუნიკაციის, ონლაინსწავლების დროს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის, ასევე, სოციალური იზოლაციის პირობებში ყოველდღიურობის გამრავალფეროვნების შესახებაც მისცა რჩევები, რაც ქალებისთვის განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა: „ამ კარანტინითა და ონლაინსწავლებით მშობლებიც დაისტრესნენ, დაითრგუნენ, დაიძაბნენ. მგონი, შვილებზე მეტადაც კი. ფსიქოლოგმა გვაჩვენა, რომ ყველა საკითხი პრობლემად არ უნდა აღიქვა, მათ უფრო მარტივად უნდა შეხედო, გაგვახალისა ქალები. მასთან კონსულტაციების შესაძლებლობა კი შემდეგ ტრენინგების მიღმაც გვქონდა“, - ამბობს სოფელ კოშკას მკვიდრი ლია მიქელაძე.

სწრაფი რეაგირებისა და ქალთა სოლიდარობის საგრანტო პროგრამა - COVID-19 ქალთა ფონდმა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განახორციელა. კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ინიციატივაც მისი ერთ-ერთი ნაწილი იყო. სულ პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 13 მცირე გრანტი გაიცა. დაფინანსდა ინიციატივები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების, ქალი მეწარმეების მხარდაჭერის, ციფრული ტექნოლოგიების სწავლებისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ.

გრანტები ევროკავშირის მიერ რეგიონული პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში დაფინანსდა. პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხორციელდება.