კონფლიქტით დაზარალებული ქალები COVID-19-ის პრობლემების ირგვლივ ერთიანდებიან

თარიღი:

გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალები ფსიქოლოგისგან სტრესთან გამკლავების შესახებ რჩევებს იღებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ქალები ფსიქოლოგისგან სტრესთან გამკლავების შესახებ რჩევებს იღებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს, რომლებიც წლებია, გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ, COVID-19 იდენტური გამოწვევების წინაშე აყენებს. ამიტომ, პანდემიით გამოწვეული პრობლემების ირგვლივ გაერთიანება, ქალებს შორის დიალოგი, გამოცდილების გაზიარება და მათთვის კომპეტენტური რეკომენდაციების მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

სექტემბრის თვეში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, პარტნიორ ორგანიზაციასთან, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან ერთად, იმ თემების შესახებ, რომლებიც ქართველ, აფხაზ და ოს ქალებს პანდემიის პირობებში თანაბრად შეეხოთ, ვებინარების სერია ჩაატარა. COVID-19-ით გამოწვეული სტრესი და მისი მართვის მექანიზმები, საქმიანობის ინოვაციური გზები ქალი მეწარმეებისთვის კორონავირუსის პირობებში და პანდემიის გაშუქებისას გასათვალისწინებელი დეტალები ჟურნალისტებისთვის - ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომლებიც მოწვეულმა ექსპერტებმა ვებინარებზე ქართველ, ოს და აფხაზ ქალებთან ერთად განიხილეს. თითოეული შეხვედრა ინფორმაციული და პრაქტიკულ რჩევებზე აგებული იყო. მონაწილეებმა მოისმინეს სასარგებლო რეკომენდაციებიც, რომლებიც ხელს შეუწყობს პანდემიასთან ბრძოლასა და მისი გავრცელების შემცირებას აღნიშნულ თემებში. ვებინარებს 50-მდე მონაწილე დაესწრო.

„ჩვენს სოფელში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც ომი გაიარეს. პანდემიამ იმ დროის ტრავმა გაგვიცოცხლა. ქალები და განსაკუთრებით ისინი, ვისაც სკოლის ასაკის შვილები გვყავს, სრულიად ახალი სტრესის წინაშე აღმოვჩნდით. ახლა მოვისმინე ფსიქოლოგის რჩევები, თუ როგორ გადავლახო ეს სტრესი და რა შევცვალო შვილებთან ურთიერთობაში, რომლებმაც კარანტინის დროს არანაკლებ რთული დღეები გადაიტანეს“, - განაცხადა ფსიქოლოგ გიორგი გეგელიას ვებინარის შესახებ 2 შვილის დედამ, 27 წლის ანა კეკელაშვილმა, რომელიც შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელს ასე ხვდები. ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღეთ. ვისაუბრეთ, როგორ უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისას, მივიღეთ კვალიფიციური რეკომენდაციები, რაც სამუშაო პროცესში აუცილებლად დაგვეხმარება“, - აღნიშნა ცხინვალელმა ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა ირინა იანოვსკაიამ მედიის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი ონლაინშეხვედრის შესახებ.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ვებინარებზე მიღებულ ინფორმაციას ირგვლივ მყოფებსაც გაუზიარებენ. ინიციატივა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მხარდაჭერა, COVID-19-თან ადაპტირებისა და მასზე რეაგირების უზრუნველყოფა გრძელვადიანი შედეგების ინფორმირებისთვის” ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.