პანდემიამ საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმავა

თარიღი:

საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება. ფოტო: გაერო საქართველოში
 

რა ზეგავლენას ახდენს COVID-19 საქართველოში მცხოვრებ ქალებსა და კაცებზე - კომპლექსური კვლევა „საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 9 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული კვირეულის ფარგლებში წარადგინა.

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობა პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ კაცებიც და ქალებიც საოჯახო საქმიანობასა და ბავშვების მოვლას ჩვეულებრივზე მეტ დროს უთმობდნენ, ძირითადი ტვირთი მაინც ქალებზე მოდიოდა. გამოკითხული ქალების 2/3 სრულად იყო პასუხისმგებელი საოჯახო საქმიანობებზე. ამგვარმა არათანაბარმა განაწილებამ განაპირობა, რომ ბავშვებიანი ქალების უმრავლესობისთვის დატვირთვა კრიტიკულად გაიზარდა, განსაკუთრებით კი სასწავლო პროცესის ონლაინრეჟიმში გადასვლის შემდეგ.

გამოკითხული ქალების 23%-მა და კაცების 17%-მა დაადასტურა, რომ უგრძვნია ან სმენია პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის მაჩვენებლის გაზრდის შესახებ. ამავდროულად, ქალების 40%-მა განაცხადა, რომ იცის ფსიქოლოგიური დახმარების მომსახურების შესახებ, მაგრამ თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების შესახებ სამი ქალიდან მხოლოდ ერთს სმენია. კაცების შემთხვევაში, ცნობიერება კიდევ უფრო დაბალია. ამ სერვისებზე ცოტა რამ იციან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა და ადამიანებმა, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ.

კვლევის მიზანი პანდემიის გრძელვადიანი შედეგებისა და ზემოქმედების გაცნობიერება, ასევე, ყველა საპასუხო ქმედებაში გენდერული თანასწორობის გათვალისწინებაა. იგი 2020 წლის ოქტომბერში, გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს მოსახლეობისა ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობების მხარდაჭერით ჩატარდა. დოკუმენტში შედეგები შედარებულია გასული წლის მაისში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მსგავსი კვლევის მიგნებებთან.

„საქართველო ცდილობს გამოვიდეს კრიზისიდან და შეუდგეს უფრო მდგრადი და თანასწორი საზოგადოების მშენებლობას. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის ყველა ასპექტის შესწავლა და იმის გაცნობიერება, თუ რა გავლენა მოახდინა ამ გლობალურმა და ეროვნულმა კრიზისმა თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობაზე“, - განაცხადა კვლევის წარდგენისას გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა.

„საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“ განხორციელდა შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ და ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში.