საქართველოს უსაფრთხოების სექტორის რეაგირების გამოცდილება COVID-19-ზე და მისი გენდერული განზომილება
თარიღი:
2020 წელს COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ადამიანებისა და საზოგადოებების ცხოვრება ფუნდამენტურად შეცვალა. მნიშვნელოვნად იმატა საფრთხეებმა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების, ისე ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს უსაფრთხოების სექტორის მიერ COVID-19-თან ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებასა და მის გენდერულ განზომილებაზე სასაუბროდ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრთან პარტნიორობით, ონლაინშეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაში საქართველოს უსაფრთხოების სექტორის, მთავრობის ადმინისტრაციისა და პარლამენტის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.
პირველ სესიაზე მთავრობის წარმომადგენლებმა ის ნაბიჯები მიმოიხილეს, რომლებიც მათ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გადადგეს. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა პოლიციისა და თავდაცვის ძალების მიერ გაწეულ სამუშაოს გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა მათ. ასევე, მან აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორში გენდერისა და თანასწორობის საკითხების პრაქტიკაში განხორციელებისას გადაწყვეტილებების მიმღებებისა და ლიდრების მონაწილეობა, თანასწორობის არსის უკეთესად აღქმა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი პრაქტიკის გაზიარების მხარდაჭერა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა პანდემიის დროს პოლიციის მიერ გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოძიების კუთხით გაწეული სამუშაო და შეძენილი გამოცდილება მიმოიხილა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მაკა პეტრიაშვილმა კი საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ საგანგებო მდგომარეობით მინიჭებული უფლებამოსილების აღსრულებისას, კარანტინის პირობებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბლოკპოსტებზე მუშაობის გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრაზე ჯგუფური დისკუსიებიც წარიმართა. მონაწილეებმა მათი უწყებების წინაშე არსებული სპეციფიკური გამოწვევები განიხილეს, მათ შორის, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლა, ქალი თანამშრომლებისთვის ბავშვებზე ზრუნვის გამო გაზრდილ პასუხისმგებლობასთან გამკლავების მექანიზმები, აუნაზღაურებელი საოჯახო შრომის ვალდებულებები და გენდერული პერსპექტივის გათვალისწინება სხვადასხვა ღონისძიების გატარების დროს. მონაწილეებმა იმ პრიორიტეტებზეც იმსჯელეს, რომელთა გათვალისწინებაც მიზანშეწონილი იქნება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.
შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) გენდერისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა მეგან ბასტიკმა პრაქტიკულ მითითებათა კრებული წარადგინა და ხაზი გაუსვა იმ ძირითად მიდგომებს, რომლებიც შესაძლოა, საქართველოს კონტექსტისთვის იყოს სასარგებლო. კრებული პრაქტიკული და პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებისგან შედგება, რომლებიც ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობისა და პერსპექტივის გათვალისწინებას უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სექტორებში.
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის “საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მხარდაჭერა, COVID-19-თან ადაპტირებისა და მასზე რეაგირების უზრუნველყოფა გრძელვადიანი შედეგების ინფორმირებისთვის” ფარგლებში იყო ორგანიზებული, რომელიც დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.