გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალებს ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მიღებაში ეხმარება

თარიღი:

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი ვაქცინაციისა და ალერგიის შესახებ საუბრობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი ვაქცინაციისა და ალერგიის შესახებ საუბრობს. ფოტო: ნინო მჭედლიშვილი

ვაქცინაცია COVID-19-ის პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა, თუმცა მიუხედავად ამისა, გლობალური დეზინფორმაციული ნაკადისა და საზოგადოებაში არსებული მცდარი წარმოდგენების გამო, მის მიმართ სკეპტიციზმი და კითხვები უამრავ ადამიანს აქვს, მათ შორის საქართველოშიც.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, 15 მარტიდან 15 ივლისის პერიოდში საქართველოში აცრილ მოქალაქეთა 67% ქალია, 33% კი - კაცი. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის საკითხებისა და საკუთარ თემებში მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისითაც, ინიციატივებს სწორედ ქალები იჩენენ. შესაბამისად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი იმ აქტიური ქალების ინფორმირებას, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტებში არიან ჩართულები, ღირებული წვლილი შეაქვთ პოზიტიურ ცვლილებებში და ადგილობრივ მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის გავრცელებით მნიშვნელოვანი როლის შესრულება ვაქცინაციის დაჩქარებაშიც შეუძლიათ.

ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, 16 აგვისტოს, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფრომა, ანა კასრაძემ და ექიმმა, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ნინო მჭედლიშვილმა ონლაინშეხვედრა გამართეს. ისინი რეგიონებში მცხოვრებ 50-მდე ქალს ვაქცინაციის როლის, ხელმისაწვდომი ვაქცინების, ალერგიული ადამიანების აცრისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ესაუბრნენ და შეეცადნენ, ის გავრცელებული მითებიც გაექარწყლებინათ, რომლებიც ვაქცინაციის ირგვლივ არსებობს. შეხვედრა კითხვა-პასუხით დასრულდა.

“ოჯახის წევრების ჯანმრთელობასთან, ექიმთან ვიზიტსა თუ სხვა სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით ხშირად ქალები აქტიურობენ. მათი ჯანმრთელობა და სიძლიერე პირდაპირ აისახება ოჯახის წევრებზეც. ყველას, განსაკუთრებით კი რეგიონების მოსახლეობას, ექიმთან კონსულტაციისა და სანდო საინფორმაციო წყაროზე წვდომის შესაძლებლობა არ აქვს, რაც დღევანდელ შეხვედრაზე დასმული შეკითხვებიდანაც გამოჩნდა, ამიტომ ასეთი ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ნინო მჭედლიშვილმა.

„ვაქცინაცია ძალიან აქტუალური თემაა არა მარტო ჩემთვის, არამედ ბევრი ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანისთვისაც. ამ შეხვედრას დაანონსებისთანავე მოუთმენლად ველოდებოდი და შეკითხვებით შეირაღებულიც ვიყავი. ქალებმა მნიშვნელოვანი პასუხები მივიღეთ და მათი დახმარებით ვაქცინაციაზე არსებული ეჭვებიც გაგვეფანტა“, - აღნიშნა ეკატერინე ციხისელმა, რომელიც შეხვედრას საქართველოს მაღალმთიანი რეგიონიდან, რაჭიდან ესწრებოდა.

შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ფეისბუქზე, სპეციალურ ჯგუფში „ქალები COVID-19-ის წინააღმდეგ“ აიტვირთება, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, პანდემიის დასაწყისშივე შეიქმნა და სხვადასხვა პროექტში ჩართულ ასობით ქალს აერთიანებს. ამგვარად, ეს მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმ ადამიანებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი, რომლებმაც შეხვედრაზე დასწრება ვერ მოახერხეს.