ქალთა გაძლიერების პრინციპები COVID-19-ის დროს: გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა

თარიღი:

საქართველოში, თურქეთსა და უკრაინაში მოქმედმა კომპანიებმა ერთმანეთს ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობისკენ მიმართული  ინიციატივები და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საქართველოში, თურქეთსა და უკრაინაში მოქმედმა კომპანიებმა ერთმანეთს ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივები და საუკეთესო მაგალითები გაუზიარეს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ქალთა გაძლიერების პრინციპების: ბიზნესი გულისხმობს თანასწორობას განხორციელების პროგრესი პანდემიამ რისკის ქვეშ დააყენა. თუმცა, ამავდროულად, მან ამ გლობალური ინსტრუმენტის მიმართ ბიზნესორგანიზაციების ერთგულებაც წარმოაჩინა. მაგალითად, კომპანიებმა, რომელთა კორპორაციულ კულტურაშიც ქალთა გაძლიერების პრინციპები მთავარ ღირებულებებადაა ქცეული, COVID-19-ის პირველივე ეტაპზე ისეთი საპასუხო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რომლებიც ქალების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. მათ შორის იყვნენ საქართველოში, თურქეთსა და უკრაინაში მოქმედი ბიზნესორგანიზაციებიც, რომლებიც ონლაინღონისძიებაზე შეიკრიბნენ და ერთმანეთს ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივები და საუკეთესო მაგალითები გაუზიარეს.

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ალია ელ იასირმა გახსნა. „ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სულ უფრო იზრდება ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც საკუთარი პროცედურების, პროგრამებისა და ინიციატივების ადაპტაციას ახორციელებენ, რათა იმგვარი ინკლუზიური სივრცეები შექმნან, სადაც ქალებსა და გოგოებს განვითარება და წარმატების მიღწევა შეუძლიათ“, - აღნიშნა ალია ელ იასირმა.

როგორც ონლაინღონისძებაზე გამოიკვეთა, კომპანიებმა პანდემიისას ქალთა გაძლიერებისთვის ძალისხმევა ისეთი საკითხებისკენ მიმართეს, როგორებიც იყო თანამშრომელთა კეთილდღეობა და ჯანმრთელობა, ოჯახურ და ზრუნვის ვალდებულებებთან თავსებადი, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, ფინანსური და არაფინანსური მომსახურებების თანაბარი ხელმისაწვდომობა, მეწარმე ქალთა და ქალთა კუთვნილი ბიზნესების ხელშეწყობა, გენდერული ძალადობის პრევენცია და ა.შ.

„ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და მეტი რესურსები გამოვყოთ იმ პროექტებზე, რომლებიც ქალების გაძლიერებისკენაა მიმართული როგორც ბიზნესში, ისე საზოგადოებაში“, - აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, Arçelik Turkey-ს გენერალურმა მენეჯერმა, ჩან დინჩერმა.

ონლაინღონისძიება კარგი შესაძლებლობა იყო კომპანიებისთვის საკუთარი ინიციატივებისა და ჩართულობის შესაფასებლად, ასევე იმ მოტივაციის წარმოსაჩენად, რომელიც კერძო სექტორს ქალთა გაძლიერების მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.

„ჩემთვის ქალთა გაძლიერების პრინციპები უპირველესად სოლიდარობაა ქალებსა და კაცებს შორის, რაც მეც და ჩემს გუნდსაც ქალთა გაძლიერებისკენ ნაბიჯების გადადგმის მოტივაციას გვაძლევს“, - განაცხადა კანტიის აკადემიის დამფუძნებელმა, მარეხ გვარამაძემ.

ღონისძიებაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების საქმიანობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციაც გამართა. კვლევა PricewaterhouseCoopers-ის ადგილობრივმა წარმომადგენლობამ მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაატარა და მან ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერი 40 ბიზნესორგანიზაცია მოიცვა. შედეგების მიხედვით, 2018-2020 წლებში ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების ინიციატივებმა საქართველოში 7000-მდე ქალის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. მხოლოდ 21-მა კომპანიამ კი დროის ამავე მონაკვეთში ქალთა გაძლიერებაზე 1 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. კვლევა პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში", ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა.