სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკურმა კომიტეტმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გენდერული სახელფასო სხვაობისა და შრომაში გენდერული უთანასწორობის ანალიზი დაასრულეს
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა, სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკურ კომიტეტთან (ARMSTAT) პარტნიორობით, დაასრულა კვლევა, რომლის მიზანსაც სომხეთში შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური უთანასწორობის შესწავლა წარმოადგენდა. ანაგარიშის თანახმად, შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობა სომხეთში 28.4%-ია. ეს რიცხვი შეუსწორებელ გენდერულ სახელფასო სხვაობაზე მაღალია, რაც ერთ საათში 23.1%-ს შეადგენს და გვაფიქრებინებს, რომ მომუშავე ქალებს, კაცებთან შედარებით, შრომის ბაზრის უკეთესი მახასიათებლები აქვთ.
გენდერული სახელფასო სხვაობა კაცებისა და ქალების მიერ შრომის ბაზარზე ერთ საათში შესრულებულ სამუშაოში მიღებულ ანაზღაურებებს შორის არსებული განსხვავებაა, რომელიც კაცის ხელფასის პროცენტით გამოისახება. ეს ნედლი სხვაობა შესადარებელი ინდივიდების მახასიათებლებს, განსაკუთრებით კი განათლებას, არ ითვალისწინებს. ამ მახასიათებლების გათვალისწინების შემდეგ „შესწორებულ“ სხვაობას ვიღებთ.
თვიურ ხელფასზე დაყრდნობით გამოთვლილი შეუსწორებელი სხვაობა 40%-ს შეადგენს, თუმცა მასში გენდერულ სახელფასო სხვაობასთან ერთად, გათვალისწინებულია გენდერული სხვაობა ნამუშევარი საათების მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ კაცებთან შედარებით, სომეხი ქალები უფრო ცოტას მუშაობენ და ეს განსხვავება დაახლოებით 14.3%-ს შეადგენს. შესაბამისად, საათობრივი ხელფასის მიხედვით დაანგარიშებული გენდერული სახელფასო სხვაობა ყოველთვიურ გენდერულ სახელფასო სხვაობასთან შედარებით უფრო მცირეა და 23.1%-ს შეადგენს. ქალები, კაცებთან შედარებით, უფრო ცოტა რაოდენობის საათებს მუშაობენ და ეს განსხვავება უცვლელია ასაკის, საქმიანობისა და ეკონომიკური სტატუსის მიხედვით. თუმცა, ქალები შედარებით მეტ დროს უთმობენ ისეთი საოჯახო სამუშაოების შესრულებას, როგორიცაა ბავშვების, ავადმყოფების, მოხუცებულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახის წევრების მოვლა.
კვლევის შედეგებმა ჰორიზონტალური გენდერული სეგრეგაციაც დაადასტურა, რადგან დასაქმებულ ქალთა და კაცთა სულ მცირე ერთმა მესამედმა უნდა გაუცვალოს ერთმანეთს ადგილები სექტორებს (საქმიანობებს) შორის, რომ მათი განაწილებები იდენტური გახდეს. საკმაოდ გამოკვეთილია ვერტიკალური გენდერული სეგრეგაციაც.
კვლევა ასევე ემსახურება შრომით ბაზარზე გენდერთან დაკავშირებული ისეთი სხვა საკითხების გაანალიზებასაც, როგორებიცაა გენდერული სხვაობა დასაქმების დონეებს შორის, ბავშვზე ზრუნვის ზეგავლენა ქალთა დასაქმებაზე და ა.შ. კვლევა დაფუძნებულია სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკური კომიტეტის მიერ 2018 წელს ჩატარებული სამუშაო ძალის კვლევის (LFS) მონაცემებზე. ანგარიშის ავტორმა, მარიან პეტრესკიმ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონსულტანტმა, სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკური კომიტეტის ანალიტიკური მიმართულების პერსონალისთვის ტრენინგი ჩაატარა. მისი მიზანი იყო სტატისტიკური კომიტეტის კომპეტენციის გაზრდა, რათა მათ სამუშაო ძალის კვლევის მომავალი ეტაპებისთვის ძირითადი ინდიკატორების გამეორება შეძლონ.
აღნიშნული ღონისძიებები პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.