სტუდენტები გენდერული თანასწორობის გამოწვევებსა და მათ გადაწყვეტაზე მსჯელობენ

თარიღი:

ახალგაზრდებთან კომუნიკაცია ქალებისა და კაცების თანასწორი შესაძლებლობებით უზრუნველყოფისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასთან გრძელვადიანი ბრძოლის განუყოფელი ნაწილია. მათი ინოვაციური იდეების მხარდაჭერამ სამუშაო ადგილი ყველასთვის უკეთეს გარემოდ შეიძლება აქციოს.

სტუდენტებმა უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ ჟიურის საკუთარი იდეები შესთავაზეს. ილიას უნივერსიტეტში ერთ-ერთმა ჯგუფმა
სტუდენტებმა უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ ჟიურის საკუთარი იდეები შესთავაზეს. ილიას უნივერსიტეტში ერთ-ერთმა ჯგუფმა "ბავშვების ოთახი" წარადგინა; ფოტო: გიორგი შენგელია

მიმდინარე წლის ოქტომბერში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ უნივერსიტეტებთან ერთად გამართული ღონისძიებებით ხელი შეუწყო ცნობიერების ამაღლებას გენდერული უთანასწორობის იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც საქართველოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას აბრკოლებს. აღნიშნული ღონისძიებები პრაქტიკულ ქმედებებზე იყო ორიენტირებული და სტუდენტებს როგორც ძირითადი გამოწვევების გაცნობიერებაში, ისე პრობლემის გადაწყვეტის ინოვაციური გზების მოძიებაში ეხმარებოდა. სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები საკუთარ წინადადებებს უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს აცნობდნენ.

ღონისძიებების თემები ახალგაზრდების ინტერესებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით შეირჩა. პირველი იდეათონი 11 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. იგი ორიენტირებული იყო ქალების რაოდენობის გაზრდაზე იმ პროფესიებში, რომლებიც სტერეოტიპულად კაცების საქმედ მიიჩნევა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი 17 ოქტომბერს შეხვედრის თემად უნივერსიტეტებსა და სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა შეარჩია.

სტუდენტები ჯგუფებში საკუთარი წინადადებების წარდგენაზე მუშაობენ
სტუდენტები ჯგუფებში საკუთარი წინადადებების წარდგენაზე მუშაობენ; ფოტო: მახო დარუბანდელი

„ჩვენს ჯგუფს სურს, შექმნას აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს შესთავაზებენ, უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია ანონიმურად წარმოადგინონ. გვინდა, უმაღლეს სასწავლებლებს გარემოს შეფასებაში დავეხმაროთ“, - განაცხადა ბათუმის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტმა ანა ფუტკარაძემ.

ღონისძიებებში კერძო სექტორის ის კომპანიებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც გენდერული თანასწორობის, სამუშაო ადგილებსა თუ საზოგადოებაში ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობით არიან დაინტერესებულები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების ჟიურის შემადგენლობაში „აჭარა ჯგუფის“, „დასტას“, „დიოსა“ და „სილქნეტის“ წარმომადგენლები იყვნენ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იდეათონს კი APM Terminal Poti-ს, სკოლა Euro-2000-ისა და ფინანსური საკითხების ექსპერტების კორპორაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტებში ჩატარებული ღონისძიებები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია. იგი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

მესამე ღონისძიება ნოემბერში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართება და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის სფეროებში ქალთა ჩართულობაზე იქნება ორიენტირებული.