აგროტურიზმის განვითარება პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად

თარიღი:

ლელა ხმელიძე, მეწარმე ქალი ლეჩხუმიდან, რომელიც აგროტურიზმის მიმართულებით საქმიანობს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
ლელა ხმელიძე, მეწარმე ქალი ლეჩხუმიდან, რომელიც აგროტურიზმში საქმიანობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

აგროტურიზმი საქართველოს რეგიონული განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის, მთიანი რაიონებისთვის ფინანსური შემოსავლის მიღებისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება COVID-19-ით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის პროცესში, რაც საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმაშიცაა ასახული.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აქტუალური ხდება აგროტურიზმის კანონმდებლობის მიღება - ინიციატივა, რომელიც 2018 წლის ნოემბერში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ მეწარმე ქალებისთვის ტოსკანაში გამართული სასწავლო ტურის შედეგად გაჩნდა. საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას ამჟამად საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი წარმართავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ჩართულობითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით. სწორედ კანონმდებლობა და მისი ძირითადი აქცენტები წარმოადგენდა შეხვედრის მთავარ თემას, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით 8 ივნისს გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, COVID-19-ის კრიზისმა, პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და ბაზრებზე წვდომის სირთულეებმა ნათლად წარმოაჩინა, თუ როგორი მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის ადგილობრივი ბაზრები, მათ შორის აგროტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვი. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ახლა შიდა ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელსაყრელი მომენტია, საქართველოს კი ბევრი ქართველი თავიდან აღმოაჩენს: „ეს კანონი იქნება საბაზისო დოკუმენტი და სასტარტო პოზიცია, რომელიც ქმნის საფუძველს განვითარებისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვისთვის“, - აღნიშნა მან.

კანონმდებლობა სფეროს დარეგულირებისა და მისი მხარდაჭერისკენაა მიმართული. იგი მიზნად აგროტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი პროდუქტების რეალიზების წახალისებას, სფეროში დასაქმებული მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ქვეყნის აგროტურისტული იმიჯის პოპულარიზაციას ისახავს. სწორედ ამ მიზნებს გაუსვა ხაზი შეხვედრაში მონაწილე ნორვეგიის ელჩმა საქართველოში, ჰელენე სანდ ანდრესენმაც, რომელიც კანონმდებლბის მიღებას მიესალმა: „აღნიშნული კანონმდებლობის ამოქმედებითა და სტანდარტების დანერგვით, ქვეყანაში მეტი ტურისტის მოზიდვაც გახდება შესაძლებელი. საქართველო წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას, თუმცა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგა. არსებულმა მდგომარეობამ აგროტურიზმის სექტორის უკეთესად დაგეგმვისა და მომზადების უნიკალური საშუალება გააჩინა“,- აღნიშნა მან.

საქართველოს პარლამენტი აგროტურიზმის შესახებ კანონის მიღებას უახლოეს მომავალში, წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე გეგმავს. კანონმდებლობაზე მუშაობა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.