აგროტურიზმის მხარდაჭერა ხელს უწყობს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას

თარიღი:

საქართველოში აგროტურიზმის ბიზნესით ძირითადად ქალები არიან დაკავებულები. ამ სფეროს ტურისტების მოზიდვისა და სოფლად ცხოვრების გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, თუმცა საკანონმდებლო რეგულირების არარსებობა დარგის განვითარებას აფერხებს.

თამარ ღვალაძე, მეღვინე იმერეთიდან
თამარ ღვალაძე, მეღვინე იმერეთიდან; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

როდესაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების მხარდასაჭერად 2018 წელს პროექტი დაიწყო, ინიციატივით უმეტესად ის ქალები დაინტერესდნენ, რომლებიც სოფლის მეურნეობითა და საოჯახო სასტუმროების მართვით იყვნენ დაკავებულები. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გასული წლის ნოემბერში იტალიაში, ტოსკანაში, სასწავლო ტურიც მოაწყო, რომელიც მიზნად მეღვინეობის კუთხით გამოცდილების გაზიარებას ისახავდა. თუმცა, ამ ტურმა კიდევ უფრო მეტი - აგროტურიზმის კანონმდებლობაზე მუშაობის დაწყება მოიტანა შედეგად. პროცესში მაშინვე ჩაერთნენ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა იყო იმ საკონსულტაციო შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 15 ოქტომბერს გაიმართა. კანონმდებლობა ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების რეალიზების წახალისებას, ქვეყნის აგროტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაციასა და ამ სფეროში დასაქმებული მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი და აგროტურიზმში ჩართული, სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მყოფმა აგროტურიზმში დასაქმებულმა ქალებმა ყურადღება კანონმდებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. „ამ ბაზაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აგროტურიზმის სტატუსის მქონე ბიზნესსუბიექტი. საკმარისი არ არის, მხოლოდ დასარჩენით უზრუნველყო სტუმარი, აუცილებელია, მას უსაფრთხო, ხარისხიანი პროდუქტიც შესთავაზო. ეს სტუმრისთვისაც მიმზიდველი იქნება, შემოსავლის წყაროსაც გაზრდის, ფერმერებსაც გაუჩენს ჯანსაღი პროდუქტის წარმოების მოთხოვნას და საბოლოო ჯამში აგროტურიზმის განვითარებაზეც აისახება“, - აღნიშნა თიკა დიდიშვილმა, რომელიც სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში საოჯახო სასტუმრო „მწვანე სახლს“ მართავს და პარალელურად, მეგრულ აჯიკას აწარმოებს.

„კანონმდებლობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ის რეგიონებს გამოაცოცხლებს და ბევრ ახალ, წარმატებულ ისტორიას შექმნის, ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას და საკანონმდებლო სივრცეში ყურადღებას აუცილებლად დავუთმობთ“, - დასძინა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.

მეწარმე ქალებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობას კვლავაც გააგრძელებს. კერძოდ, სამომავლო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, ინიციატივა წარედგინება სამუშაო ჯგუფს, რომლის წევრებიც შესაბამისი სამინისტროებისა და პარლამენტის წარმომადგენლები არიან. ინიციატივა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.