საკუთარი საქმე და პირველი შემოსავალი — ნაზი ბაქიროვას ახდენილი ოცნება

თარიღი:

ნაზი ბაქიროვა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
ნაზი ბაქიროვა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

50 წლის ნაზი ბაქიროვას კერვა ბავშვობიდან ძალიან მოსწონდა. კარგადაც ეხერხებოდა, ამიტომ სკოლა რომ დაამთავრა, საყვარელი საქმე ადგილობრივი მკერავი ქალებისგან კიდევ უფრო სიღრმისეულად ისწავლა.

ნაზი 19 წლის დაქორწინდა. ანაზღაურებადი სამსახური არასდროს ჰქონია, სულ 2 შვილსა და ოჯახს უვლიდა, თუმცა არც ჭრა-კერვას ივიწყებდა: ოჯახსა და სამეზობლოში, თუ ვინმეს რამე დასჭირდებოდა, ნაზი უარს არასდროს ეუბნებოდა და ძველებური ხელის მანქანით სიამოვნებით უკერავდა. „ეს საქმე ბავშვობიდან მიტაცებდა. მერე, ახალი მანქანები რომ გამოჩნდა, ვოცნებობდი, საკუთარი შესაძლებლობები თანამედროვე მოწყობილობებზეც გამომეცადა“, - ჰყვება ის.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მოლაოღლი, სადაც ნაზი ცხოვრობს, საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარეობს და, ძირითადად, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობითაა დასახლებული. ის ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, სადაც 2019 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და „ფონდმა ტასომ“ რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ განხორციელება დაიწყეს. ნაზი ახალი ინიციატივებით მალევე დაინტერესდა. სხვა ადგილობრივ ქალებთან ერთად, მოლაოღლისთვის სასარგებლო საქმეები რომ ეკეთებინა, ჯერ თვითდახმარების ჯგუფში გაწევრიანდა, სოციალურ მობილიზაციაში ჩართვის შემდეგ კი ტრენინგები გაიარა და საგრანტო განაცხადიც შეავსო. პირველ ჯერზე დაფინანსება ვერ მიიღო, თუმცა მეორე წელს კიდევ სცადა და ამჯერად საოცნებო საკერავი მანქანის შესაძენად გრანტიც მოიპოვა.

მას შემდეგ ნაზის ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდა: შეკვეთებს ტანსაცმელზე, ფარდებსა და თეთრეულზე იღებს, საკუთარი ნახელავით თბილისში ორ მაღაზიას ამარაგებს და უკვე საკუთარი შემოსავალიც აქვს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, ნაზის მსგავსად, ქვემო ქართლის რეგიონში საკუთარი საქმიანობის დასაწყებად დაფინანსება 79-მა ქალმა მიიღო, 20-მა კი ახალი პროფესია შეისწავლა.

„საქმითა და წარმატებით სხვა ქალებისთვის სამაგალითო გავხდი. ეკონომიკურმა დამოუკიდებლობამ სხვა თავისუფლება მომცა. სულ მინდოდა, ჩემი შემოსავალი მქონოდა, რადგან ვიცი, ეს ქალისთვის რამდენს ნიშნავს. ვაპირებ, კიდევ უფრო გავფართოვდე და შეკვეთების რაოდენობა გავზარდო“, - ამბობს ნაზი, რომელიც სოციალურ მობილიზაციაში მონაწილეობასაც აგრძელებს და ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრასა და ბიუჯეტის შედგენაში აქტიურად მონაწილეობს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის, „ფონდი ტასოსა“ და ქეა საერთაშორისო კავკასიის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.