გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიისა და დანიის მთავრობებთან ერთად, მეწარმე და სოფლად მცხოვრები ქალების მხარდაჭერას აგრძელებს
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის საქართველოში მეწარმე და სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. დონორ ორგანიზაციებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულმა ინიციატივებმა წლების განმავლობაში ბევრი ქალის ბიზნესსაქმიანობას ჩაუყარა საფუძველი, უკეთესობისკენ შეცვალა არა მარტო მათი ოჯახების, არამედ მთლიანად თემების ცხოვრება.
აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიისა და დანიის მთავრობების დაფინანსებით, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის მუშაობას კვლავაც აგრძელებს. სწორედ ამ მუშაობის შედეგების გაცნობას ემსახურებოდა 18-19 სექტემბრის ვიზიტი იმერეთისა და გურიის რეგიონებში, რომლის მიმდინარეობისას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი და დანიის საელჩოს წარმომადგენელი მედეა გეგეჭკორი ადგილობრივ ქალებს შეხვდნენ.
სტუმრებმა გურიაში ქალების საწარმოები მოინახულეს, მოისმინეს ინფორმაცია მათი საჭიროებებისა და საქმიანობების შედეგების შესახებ. ისინი თვითდახმარების ჯგუფების წევრებსაც შეხვდნენ, გაეცნენ სოციალური მობილიზაციის კომპონენტის განხორციელების პროგრესს და ისაუბრეს გამოწვევებზე, რომლებსაც გურიაში მცხოვრები ქალები ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით აწყდებიან.
19 სექტემბერს კი ვიზიტი ქუთაისში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მეწარმე ქალებთან შეხვედრით გაგრძელდა. ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ნორვეგიის მთავრობისთვის გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან ის აუცილებელი პირობაა კეთილდღეობისა და თანასწორი, სტაბილური საზოგადოების მისაღწევად. როგორც ელჩმა განაცხადა, ამაყია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სხვა პარტნიორებთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ, მხარი დაუჭირონ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ხელი შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას:
“მეწარმე ქალები ხართ მაგალითები არა მხოლოდ სხვა ქალებისთვის, არამედ თქვენი თემებისთვის, სოფლების მაცხოვრებლებისა და ფართო საზოგადოებისათვის. თქვენ თამაშობთ ძალიან დიდ როლს და ყველას აჩვენებთ, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ქალთა ჩართულობას ეკონომიკაში. ვიცით, რომ ქალები ბიზნესსაქმიანობისას გაცილებით მეტ დაბრკოლებას აწყდებიან, იქნება ეს ფინანსებზე, ინვესტიციებზე, რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ბაზრებთან დაკავშირება თუ სხვა გამოწვევები. ჩვენ აქ ვართ, რომ მოგისმინოთ, რა წარმატებები და სირთულეები გაქვთ და გავიგოთ, როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ ამ დაბრკოლებების გადალახვაში”, - აღნიშნა ბერგლიოტ ჰოვლანდმა.
შეხვედრის ბოლოს სიმულაციური თამაში “იყავი მის ადგილას” ჩატარდა. “იყავი მის ადგილას” ინტერაქტიური სავარჯიშოა, რომელიც მონაწილეებს ეხმარება, ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარონ ძალადობის მსხვერპლის გზა, საკუთარ თავზე გამოცადონ წინააღმდეგობები, უფრო ემპათიურები გახდნენ და ნათლად დაინახონ, რომ ძალადობის დაძლევაში ყველას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას ემსახურება ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტი და, ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის პროგრამა „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.