ქართველი მეწარმე ქალები მეღვინეობისა და აგროტურიზმის ბიზნესში ახალ ცოდნას იძენენ
თარიღი:
ტურიზმი და მეღვინეობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგებია. მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი 6.9%-ს, სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის კი - 9.2%-ს შეადგენს.
მევენახეობა სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ღვინის ექსპორტი სწრაფად იზრდება: 2017 წელს 53 ქვეყანაში ექსპორტზე 76.7 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, რაც 54%-ით აღემატება წინ წლის მონაცემებს. მფლობელებისა და მენეჯერების დონეზე კი ქალების რაოდენობა ორივე სექტორში ძალიან მცირეა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს დასავლეთ საქართველოში აგროტურიზმსა და მეღვინეობის სფეროში დასაქმებულ ქალ მეწარმეებს, რათა მათ საკუთარი ბიზნესები გააფართოონ და ღირებულებათა ჯაჭვში ზედა რგოლებზე გადაინაცვლონ. ამ მიზნით, მეღვინეობისა და აგროტურიზმის დარგებში გამოცდილების მისაღებად, პარტნიორებმა 15 ქართველი მეწარმე ქალისთვის იტალიაში სასწავლო ვიზიტი მოაწყვეს.
სასწავლო ვიზიტი 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე მიმდინარეობდა და მის თანაორგანიზატორს - Agristudio SRL, თანამასპინძელს კი იტალიის ქალ მეღვინეთა ეროვნული ასოციაცია Donne del Vino წარმოადგენდა. Donne del Vino მეღვინე და მომიჯნავე საქმიანობით დაკავებულ ქალებს აერთიანებს. მათ შორის, რესტორნის მფლობელებს, სომელიეებსა და ენოლოგებს, იმ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს, რომლებიც ღვინის ბიზნესს აშუქებენ, ასევე, კომუნიკაციისა და მარკეტინგის ექსპერტებს.
ქართველმა სტუმრებმა ტოსკანაში მდებარე აგრობიზნესის შვიდი ობიექტი დაათვალიერეს და კოლეგების მიერ ღვინის მარნების, ფერმებისა და საოჯახო სასტუმროების მართვის გამოცდილება გაიზიარეს. ისინი საზოგადოებასთან ურთიერთობის, სასტუმროს მენეჯმენტის, ხარისხის მართვისა და სერტიფიცირების, მარკეტინგისა და გაყიდვების ადგილობრივ ექსპერტებს შეხვდნენ. კანონმდებლობა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა ნებისმიერი ბიზნესის წარმოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ტოსკანის რეგიონის სოფლის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრამ ჯგუფს შესაძლებლობა შეუქმნა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებულ იმ პროგრამებს გასცნობოდა, რომელთა მიზანიც აგროტურიზმის ხელშეწყობა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაა.
ტოსკანის რეგიონის ადგილობრივი კანონმდებლობა აგრობიზნესებს ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს. აგრობიზნესებად დარეგისტრირებული ფერმებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები კი ადგილობრივი მწარმოებლებისგან პროდუქტების შესყიდვის წახალისებას განაპირობებს. ამგვარად, სახელმწიფო ორივე მხარეს უჭერს მხარს: აგრობიზნესის მფლობელებსაც და მცირე ადგილობრივ მწარმოებლებსაც. „ჩემი მიზანია, რომ ფერმერული და საოჯახო სასტუმროების ბიზნესები გაერთიანდეს. მსგავსი მხარდაჭერა ჩემი ბიზნესის გაფართოებასა და მდგრადობას შეუწყობს ხელს“ , - აღნიშნა ლეჩხუმელმა ნატო სილაგაძემ.
სასწავლო ტური პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ერთ-ერთი აქტივობაა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და პარტნიორობით ახორციელებს. პროექტს წვლილი შეაქვს კონკრეტული სექტორის წარმომადგენელი ქალი მეწარმეების სპეციფიკური ცოდნის გაუმჯობესებაში და ხელს უწყობს მეტი ინფორმაციის მიღებასა და გამოცდილების გაზიარებას ბიზნესის მდგრადობისა და მომგებიანობის შესახებ.