ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა დასაქმების ფორუმი გაიმართა

თარიღი:

ქალთა დასაქმების ფორუმში, რომელიც  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით გამართა, 40-ზე მეტი კერძო კომპანია მონაწილეობდა. ფოტო: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
ქალთა დასაქმების ფორუმში, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით გამართა, 40-ზე მეტი კერძო კომპანია მონაწილეობდა. ფოტო: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო

სამუშაოს მაძიებელი ქალები საქართველოში კვლავაც არაერთ წინააღმდეგობას, უთანასწორობასა თუ სტერეოტიპს აწყდებიან, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ამ გამოწვევების დასაძლევად, სხვადასხვა ინიციატივას მუდმივად უჭერს მხარს. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას წარმოადგენდა ქალთა დასაქმების ფორუმიც, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით გამართა.

ფორუმში 40-ზე მეტი კერძო კომპანია მონაწილეობდა, სულ კი სამუშაოს მაძიებელი ქალებისთვის საბანკო-საფინანსო, სამედიცინო, საოფისე, საინფორმაციო-ტექნოლოგიების, მარკეტინგის, გაყიდვების, სტუმარმასპინძლობისა და სხვა ინდუსტრიებიდან 300-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქალთა ფორმალურ სექტორში დასაქმებას, ბიზნესისთვის ახალი კადრების მოძიებასა და სახელმწიფო სერვისების ცნობადობის გაზრდას.

„ამ ფორუმის შესახებ ახლობლისგან გავიგე და გადავწყვიტე, მოვსულიყავი. მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ბევრ კომპანიას გავესაუბრე და იმედი მაქვს, სასურველ სამსახურს მალე ვიპოვი“, - აღნიშნა ფორუმის ერთ-ერთმა სტუმარმა, ვერონიკა ხუციშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის პარალელურად, მოწყობილი იყო სახელმწიფო სერვისების კუთხეც, სადაც ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, ქალებზე ორიენტირებულ პროგრამებსა და მომსახურებებს გასცნობოდნენ.

ღონისძიება 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილია, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ პროგრამა, რომელიც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება, საქართველოში სწორედ ქალთა დასაქმების ფორუმით იხსნება. ინიციატივა მიზნად ისახავს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის პარალელურად, სამივე ქვეყანას ხელი შეუწყოს კონფლიქტების პრევენციის, მედიაციისა და დემოკრატიის მდგრადობის გაძლიერებაში.

პროგრამა საქართველოში ინკლუზიური მმართველობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება. ის ყურადღებას ამახვილებს ქალების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ამ მიზნით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამეწარმო უნარების მხარდაჭერაზე. ასევე, ინიციატივა, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე, წარმოაჩენს ქალების უმნიშვნელოვანეს როლს კონფლიქტების პრევენციის, გადაჭრისა და მდგრადი მშვიდობის მშენებლობაში.