16 ხერხი გაუპატიურების კულტურის წინააღმდეგ მოქმედებისთვის

თარიღი: ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2019 წელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა ვებგვერდზე: Medium.com/@UN_Women

ფოტო: ჰანა ბარჩიკი
ფოტო: ჰანა ბარჩიკი

„ბიჭები არიან და რა გასაკვირია“.

„გოგო მთვრალი იყო“.

„ქალები „არა“-ს ამბობენ, მაგრამ „კი“-ს გულისხმობენ“.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუპატიურების კულტურა ადამიანების აზროვნებაში, მეტყველებასა და მოქმედებაში ღრმადაა დამკვიდრებული. შესაძლოა, კონტექსტი სხვადასხვა სივრცეში განსხვავებულია, თუმცა ეს კულტურა ყველგან და ყოველთვის პატრიარქალური რწმენებით, ძალაუფლებითა და კონტროლით საზრდოობს.

გაუპატიურების კულტურა არის სოციალური გარემო, რომელიც სექსუალური ძალადობის ნორმალიზებისა და გამართლების საშუალებას იძლევა. ამგვარ მიდგომას კი გენდერული უთანასწორობა და გენდერისა თუ სექსუალობის მიმართ არსებული მცდარი მიდგომები განაპირობებს.

თითოეულ ჩვენგანს შესაძლებლობა გვაქვს, ყოველდღიურად გადავამოწმოთ, ჩვენი ქცევებითა თუ შეხედულებებით ხელს ხომ არ ვუწყობთ გაუპატიურების კულტურის გავრცელებას. საქმე იმაშია, რომ ყველას შეგვიძლია ამგვარი გარემოს წინააღმდეგ მოქმედება, მათ შორის გენდერული იდენტობის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებითა და იმ პოზიციით, რომელსაც საჯაროდ ვუჭერთ მხარს.

გთავაზობთ 16 ხერხს გაუპატიურების კულტურის წინააღმდეგ მოქმედებისთვის.

1. დაამკვიდრეთ ნებაყოფლობით გაცემული თანხმობის კულტურა.

ნებაყოფლობითი თანხმობა სავალდებულოა, თანაც ყოველ ჯერზე. დარწმუნდით, რომ ყველა მონაწილის მხრიდან გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი „დიახ“ არსებობს. დაამკვიდრეთ ამგვარი თანხმობა თქვენს ცხოვრებაში და საჯაროდ ისაუბრეთ მასზე.

2. ისაუბრეთ გაუპატიურების კულტურის მთავარი გამომწვევი მიზეზების შესახებ.

როცა ჩვენთვის მისაღებია მასკულინობა, რომელიც ძალადობასა და დომინანტობას „ძლიერ“, „კაცურ“ ქმედებად მიიჩნევს, ქალებისა და გოგოების დაფასებას კი მნიშვნელოვან ღირებულებად არ აღიარებს, გაუპატიურების კულტურა არსებობასა და გავრცელებას განაგრძობს. ამას ხელს უწყობს მსხვერპლის დადანაშაულებაც - მიდგომა, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას მოძალადის ნაცვლად დაზარალებულს აკისრებს.

სექსუალური ძალადობის შემთხვევების განხილვისას მიუღებელია მსხვერპლის სიფხიზლეზე, ჩაცმულობასა და სექსუალობაზე საუბარი. თქვენ უნდა დაუპირისპირდეთ მცდარ შეხედულებას, თითქოს კაცებმა და ბიჭებმა ძალაუფლება ძალადობით უნდა მოიპოვონ, მამრობითი სქესი კი მათ დამატებით უფლებებს ანიჭებს.

3. გადახედეთ მასკულინობის თქვენეულ გაგებას.

ფოტო: ჰანა ბარჩიკი
ფოტო: ჰანა ბარჩიკი

კრიტიკულად გააანალიზეთ, თუ რას ნიშნავს თქვენთვის მასკულინობა და როგორ არის ის ყოველდღიურობაში რეალიზებული. თვითრეფლექსია, საზოგადოებრივი საუბრები და მხატვრული თვითგამოხატვა მხოლოდ რამდენიმე შესაძლებლობაა კაცებისა და ბიჭებისთვის (ასევე ქალებისა და გოგოებისთვის), რომ საკუთარ მასკულინობას გადახედონ და ის ახლებურად, ფემინისტური პრინციპების მიხედვით განსაზღვრონ.

4. შეწყვიტეთ მსხვერპლის დადანაშაულება.

ენა იმდენად ღრმადაა კულტურაში გამჯდარი, რომ ზოგჯერ გვავიწყდება, რამდენად დიდია რეალობის ჩამოყალიბებაში იმ სიტყვებისა და ფრაზების როლი, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. გაუპატიურების წამახალისებელი წარმოდგენები სწორედ ენაშია გამჯდარი. აი, მაგალითად, ფრაზა, რომ „მას მეძავივით ეცვა და თვითონ ითხოვდა ამას“ ან ნაწყვეტი პოპულარული სიმღერის ტექსტიდან: „ვიცი, რომ გინდა ეს“.

გაუპატიურების ნორმალიზება ხდება მაშინაც, როცა პოპულარულ კულტურასა და მედიაში ქალებს წარმოაჩენენ, როგორც ნივთებს, ან მათ შეურაცხმყოფელი სახელებით მოიხსენიებენ.

თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ ისეთი ფრაზებისა და სიტყვების გამოყენებაზე, რომლებიც მსხვერპლების დადანაშაულებას, ქალების განივთებასა და სექსუალური შევიწროების გამართლებას გულისხმობს. რა ეცვა ქალს, რა დალია მან და რამდენი, სად იყო ის და როდის, არ შეიძლება განიხილებოდეს თანხმობად და ამართლებდეს გაუპატიურებას.

5. გამოიჩინეთ ნულოვანი ტოლერანტობა.

დაამკვიდრეთ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ყველა იმ სივრცეში, სადაც ცხოვრობთ თუ მუშაობთ. ლიდერები განსაკუთრებული სიცხადით, მკაფიოდ უნდა აღნიშნავდნენ, რომ ამგვარი პოლიტიკა მათ ვალდებულებას წარმოადგენს და ის პრაქტიკაში ყოველდღიურად უნდა შესრულდეს.

მანამდე კი გადახედეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ.

6. გაუპატიურების კულტურა უფრო ფართო მასშტაბით გაიაზრეთ.

დროისა და კონტექსტიდან გამომდინარე, გაუპატიურების კულტურა სხვადასხვა ფორმას იძენს. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ გაუპატიურების კულტურა მხოლოდ ქუჩაში ღამით მარტოდ მოსიარულე ქალზე თავდასხმა არ არის.

სინამდვილეში, გაუპატიურების კულტურა ქალებისა და გოგოების უფლებების დარღვევისა და საზიანო პრაქტიკების ისეთ ფართო სპექტრს მოიცავს, როგორებიცაა, მაგალითად, ბავშვთა ქორწინება და ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება.

გაიგეთ მეტი იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც გაუპატიურების კულტურას და მის ირგვლივ არსებულ მითებს უდევს საფუძვლად.

არავინ ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ გაუპატიურება არასწორია, თუმცა სიტყვებით, ქმედებებითა თუ უმოქმედობით სექსუალური ძალადობა და სექსუალური შევიწროება ნორმალიზებული, ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. ამ ყველაფერს კი გაუპატიურების კულტურის კიდევ უფრო მეტად გავრცელებისკენ მივყავართ.

7. გამოიჩინეთ მრავალმხრივი მიდგომა.

ფოტო: ჰანა ბარჩიკი
ფოტო: ჰანა ბარჩიკი

გაუპატიურების კულტურა ყველა ადამიანზე ახდენს ზეგავლენას, გენდერული იდენტობის, სექსუალობის, ეკონომიკური მდგომარეობის, რასის, რელიგიისა და ასაკის მიუხედავად. მისი აღმოფხვრა ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ განმარტებებზე, რომლებიც გენდერსა და სექსუალობას ზღუდავს, ხელს უშლის ადამიანებს საკუთარი თავის გამოხატვის უფლების რეალიზებაში.

სექსუალური ორიენტაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი ან ეთნიკურობა, ასევე კონტექსტთან დაკავშირებული ზოგიერთი ფაქტორი, ქალებს ძალადობის მიმართ კიდევ უფრო მეტად მოწყვლადებს ხდის. შესაძლოა, ლგბტქი (LGBTQI) პირები „გამოსასწორებელი გაუპატიურების“ მსხვერპლები აღმოჩნდნენ. ამ ქმედებით მოძალადეს სურს, აიძულოს ისინი, რომ სექსუალურ და გენდერულ სტერეოტიპებს დაემორჩილონ. ამას გარდა, ჰუმანიტარული კრიზისის დროსაც ქალებისა და გოგოების მიმართ გაზრდილი დისკრიმინაცია ხშირად სექსუალურ ძალადობასაც ამწვავებს.

გულზადა სეჟანი ყაზახეთის ფემინისტური ინიციატივის „ფემინიტას“ აქტიური წევრია და ლგბტქი თემის უფლებებს იცავს. საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტის მენეჯერად მუშაობდა, როცა მივლინებებში ყოფნისას კაცმა თანამშრომელმა მის მიმართ სექსუალური შევიწროება დაიწყო. როცა გულზადამ უთხრა, რომ ლესბოსელი იყო, შევიწროება კიდევ უფრო გაძლიერდა.

„სჯეროდა, რომ ჩემი „გამოსწორება“ შეიძლებოდა. ის ამბობდა, რომ მე ძლიერი კაცი მჭირდებოდა... ყაზახეთში საზოგადოება ისეთ კაცებს ღებულობს და აფასებს, რომლებიც უხეშები არიან. მათი მხრიდან ქალისთვის სექსუალური წინადადების შეთავაზება ბუნებრივად ითვლება“, - ამბობს გულზადა სეჟანი.

„თუ თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში უხილავი ხართ, თქვენს საჭიროებებს არათუ დააკმაყოფილებენ, არამედ მათზე არც კი იფიქრებენ, განსაკუთრებით კი კრიზისულ ვითარებაში“ ,- განმარტავს მატჩა ფორნ-ინი, რომელიც კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ლგბტია (LGBTIA) პირების განსაკუთრებულ საჭიროებებზე მუშაობს.

8. გაიგეთ მეტი გაუპატიურების კულტურის ისტორიის შესახებ.

ისტორიულად გაუპატიურება ომისა და ჩაგვრის იარაღს წარმოადგენდა. ის ქალებისა და მათი თემების დამცირების, ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მიზნით გამოიყენებოდა.

ამ საკითხის შესასწავლად დრო დაგჭირდებათ, თუმცა თავდაპირველად შეგიძლიათ გაეცნოთ, თუ როგორ იყენებდნენ სექსუალური ძალადობას წარსული და ბოლოდროინდელი კონფლიქტების, მაგალითად, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, გვატემალის სამოქალაქო ომის ან კოსოვოს კონფლიქტის დროს.

9. ჩადეთ ინვესტიცია ქალებში.

ფინანსურად დაეხმარეთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ქალებს აძლიერებენ და მათ ხმის ამაღლებაში ეხმარებიან, მხარს უჭერენ ძალადობაგამოვლილ პირებს და ხელს უწყობენ ყველა გენდერული იდენტობისა და სექსუალობის მიმღებლობას.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, ძალადობაგამოვლილ პირთა დახმარება, ქალებისა და გოგოებისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფაა. ფინანსური შემოწირულობა შეგიძლიათ ახლავე გაიღოთ: https://donate.unwomen.org/en/16days.

10. მოუსმინეთ ძალადობაგამოვლილ პირებს.

ფოტო: ჰანა ბარჩიკი
ფოტო: ჰანა ბარჩიკი

#MeToo, #TimesUp, #NiUnaMenos, #BalanceTonPorc ინიციატივებისა და სხვა ონლაინმოძრაობების ეპოქაში ძალადობაგამოვლილი პირები ახლა გაცილებით ხშირად საუბრობენ.

მოუსმინეთ მათ გამოცდილებას, წაიკითხეთ ძალადობაგამოვლილი პირებისა და აქტივისტების ისტორიები მთელი მსოფლიოდან და სოციალურ მედიაში თვალი ადევნეთ ჰეშთეგებს #OrangeTheWorld და #GenerationEquality.

არასდროს თქვათ ძალადობაგამოვლილ ქალზე: „რატომ არ ადგა და წავიდა?“

ყოველთვის უთხარით მას: „ჩვენ გისმენთ, ჩვენ გხედავთ, ჩვენ გვჯერა შენი“.

11. არ იხუმროთ გაუპატიურების შესახებ.

გაუპატიურება სახალისო ამბავი არ არის. მასზე ხუმრობა სექსუალური ძალადობის მნიშვნელობის ამცირებს, მსხვერპლებისთვის კი ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს ართულებს.

იუმორი, რომელიც სექსუალურ ძალადობას ნორმად მიიჩნევს და ამართლებს, მიუღებელია. დაგმეთ ის.

12. გახდით მონაწილე.

გაუპატიურების კულტურის არსებობას ხელს უწყობს ისეთი კანონების აღსრულების არარსებობა ან ნაკლებობა, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობას ან დისკრიმინაციას კრძალავს. ასევე, კანონები ქონების, ქორწინების, განქორწინებისა და შვილზე მეურვეობის შესახებ.

გაეცანით ქალთა მიმართ ძალადობის გლობალურ მონაცემთა ბაზას და ნახეთ, რას აკეთებს თქვენი ქვეყანა ქალებისა და გოგოების დასაცავად. გქონდეთ აქტიური კავშირი თქვენს წარმომადგენლებთან, რათა მიაღწიოთ იმ კანონების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას.

13. დაასრულეთ დაუსჯელობა.

ფოტო: ჰანა ბარჩიკი
ფოტო: ჰანა ბარჩიკი

გაუპატიურების კულტურა რომ დასრულდეს, მოძალადეებმა პასუხი უნდა აგონ. სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიები, ჩვენ ამგვარ ქმედებებს დანაშაულად ვაღიარებთ და საზოგადოებაში ნულოვანი ტოლერანტობის მძლავრ გზავნილს ვავრცელებთ.

ყველგან, სადაც დაინახავთ, რომ მოძალადეების მიმართ სამართლებრივი შედეგების დადგომას ეწინააღმდეგებიან, იბრძოლეთ მართლმსაჯულებისთვის.

14. იყავით აქტიური თვითმხილველი.

მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ძალადობას განიცდის. ქალთა მიმართ ძალადობა ძალიან გავრცელებულია და შესაძლოა, ამგვარი ფაქტის მოწმეები თავადაც გავხდეთ. ჩვენი, როგორც აქტიური თვითმხილველის ჩარევა მოძალადეს აძლევს სიგნალს, რომ მისი ქცევა მიუღებელია და ეხმარება ადამიანის უსაფრთხოდ ყოფნას.

პირველ რიგში, შეაფასეთ სიტუაცია, რათა გაარკვიოთ, თუ რა სახის დახმარება შეიძლება იყოს შესაფერისი. მხარდაჭერაა ისიც, როცა ძალადობის სამიზნეს ეკითხებით, თუ როგორ გრძნობს თავს, ხომ არ სურს დახმარება, ან შემთხვევას დოკუმენტურად აღბეჭდავთ, სიტუაციის განსამუხტად ყურადღების გადატანას შეეცდებით, ან მკაფიოდ ეტყვით მოძალადეს, რომ მისი საქციელი მიუღებელია.

გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ იყოთ აქტიური თვითმხილველი და შესაძლებლობის შემთხვევაში, დაესწარით ტრენინგს თვითმხილველის მხრიდან ჩარევის შესახებ.

15. ასწავლეთ მომავალ თაობას.

მომავალი ფემინისტების შთაგონება თქვენს ხელშია. დაუპირისპირდით გენდერულ სტერეოტიპებსა და ძალადობრივ იდეალებს, რომლებსაც ბავშვები მედიაში, ქუჩასა და სკოლაში აწყდებიან. უთხარით თქვენს შვილებს, რომ ოჯახი მათთვის ის უსაფრთხო სივრცეა, სადაც საკუთარი თავის გამოხატვა თავისუფლად შეუძლიათ. მიიღეთ მათი არჩევანი და ადრეულ ასაკშივე ასწავლეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანხმობა.

ეძებთ მასალას შთაგონებისთვის? გთავაზობთ 12 ფემინისტურ წიგნს, რომლებიც ყველამ უნდა წაიკითხოს.

16. დაიწყეთ საუბარი, ან ჩაერთეთ მასში.

ესაუბრეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, თუ როგორ შეგიძლიათ გაუპატიურების კულტურის ერთად აღმოფხვრა.

გაუპატიურების კულტურას თითოეული ჩვენგანი უნდა შეეწინააღმდეგოს, იქნება ეს სასაუბრო კლუბი, სადაც მასკულინობის მნიშვნელობის ანალიზი მიმდინარეობს, თანხების მოძიების ღონისძიება ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციისთვის, თუ ძალისხმევის გაერთიანება ისეთი გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკების გასაპროტესტებლად, რომლებიც გაუპატიურებას ახალისებს.

შეგიძლიათ, ახლავე შემოუერთდეთ საუბარს ონლაინ ჰეშთეგების #Orangetheworld და #GenerationEquality მეშვეობით.