გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროპის საბჭო და ორგანიზაცია „თანასწორობა ახლა“ საქართველოში სექსუალურ ძალადობაზე რეაგირების გაუმჯობესებისთვის ძალისხმევას აერთიანებენ

თარიღი: სამშაბათი, 3 დეკემბერი, 2019 წელი

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთ-ერთი წინაპირობაა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის/ევროკავშირის კვლევის
გაეროს ქალთა ორგანიზაციის/ევროკავშირის კვლევის "ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში" (2017) თანახმად, 15-64 წლის იმ ქალებს შორის, რომლებსაც პარტნიორი ოდესმე ჰყოლიათ, მამრობითი სქესის ინტიმური პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური, ან ორივე სახის ძალადობა 6%-ს ერთხელ მაინც გამოუცდია; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

სექსუალური ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, თუმცა მთელ მსოფლიოში შეტყობინების, დევნისა და მსჯავრდების მაჩვენებლები ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის, განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების შემთხვევების მიმართ ჯერ კიდევ დაბალია.

გენდერული ძალადობის აღმოფხვრისთვის მიღებული ზომების მიუხედავად, რომელთა შედეგად ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი საქართველოში ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა, სექსუალური ძალადობის შემთხვევების მიმართ პროგრესი მაინც დაბალია.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის/ევროკავშირის მიერ განხორციელებული კვლევის „ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში“ (2017) თანახმად, 15-64 წლის იმ ქალებს შორის, რომლებსაც პარტნიორი ოდესმე ჰყოლიათ, მამრობითი სქესის ინტიმური პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური, ან ორივე სახის ძალადობა 6%-ს ერთხელ მაინც განუცდია. ქალების 3%-მა აღნიშნა, რომ არაპარტნიორის მხრიდან გაუპატიურების მცდელობას, ან სექსუალური ხასიათის თავდასხმას ჰქონია ადგილი, 9%-მა კი განაცხადა, რომ ბავშვობაში სექსუალური ძალადობა განუცდია. აღნიშნული მაჩვენებლების მიუხედავად, რომელიც პრობლემის რეალურ მასშტაბს მხოლოდ ნაწილობრივ წარმოაჩენს, 2017 წელს სასამართლომდე მხოლოდ 5 საქმე მივიდა, 2018 წელს კი - 8.

„საქართველოში ქალები სექსუალური ძალადობით გამოწვეული ვიქტიმიზაციის მძიმე ტვირთს ჯერ კიდევ ატარებენ. დაუსჯელობა და საკითხის ნორმალიზება სექსუალური ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ კულტურას ამკვიდრებს, რის შედეგადაც ქალების ფუნდამენტური უფლებები ილახება“, - აღნიშნავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროპის საბჭომ და ორგანიზაციამ „თანასწორობა ახლა“ გადაწყვიტეს, საქართველოში სექსუალურ ძალადობაზე რეაგირება სექსუალური ძალადობის გამოძიების სახელმძღვანელოს შექმნით გააუმჯობესონ. აღნიშნული სახელმძღვანელო მნიშნველოვან როლს შეასრულებს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული პრაქტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესების პროცესში, პარალელურად კი იგი სტამბოლის კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან ფაქტობრივ შესაბამისობასა და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს.

სახელმძღვანელოში მოცემული იქნება გამოძიების მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც უპირატესად გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების მიერ უნდა იყოს გამოყენებული და განხორციელებული. აღნიშნული სახელმძღვანელო ყველა შესაბამის პროცედურას მოიცავს და ერთგვარი გზამკვლევი იქნება ადამიანის უფლებებზე მომუშავე იურისტებისთვის, რომლებიც ძალადობაგანცდილი პირების ინტერესებს ადგილობრივ, რეგიონულ, თუ საერთაშორისო დონეზე წარმოადგენენ. ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობიდან გამომდინარე, ასევე, სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის არსებული საერთო მახასიათებლების გათვალისწინებით, სახელმძღვანელო ღირებული რესურსი იქნება როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების, ისე საერთაშორისო დონეზე.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია, თანასწორობის თაობის კამპანია, რომელიც პეკინის დეკლარაციისა და მოქმედებათა პლატფორმის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად იმართება, ასევე, გაეროს გენერალური მდივნის UNiTE კამპანია, რომელიც 2030 წლისთვის ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად, ნებისმიერი სფეროსა და თაობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, გაუპატიურების წინააღმდეგ გაბედული პოზიცია დაიკავონ.