სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მიქელაძის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობს

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით, 1990-2017 წლებში გამართულ ყველა მასშტაბურ სამშვიდობო პროცესში ქალები მხოლოდ მედიატორთა 2%-ს, მომლაპარაკებელთა 8%-სა და ხელმომწერთა 5%-ს შეადგენდნენ.

საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალების როლზე მსჯელობენ
საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალების როლზე მსჯელობენ; ფოტო: ლევან მიქელაძის სახელობის ინსტიტუტი

უახლესი კვლევის მიხედვით, ქალთა მიერ ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულებები უფრო ხანგრძლივ მშვიდობასთან ასოცირდება. ქალი მედიატორებისა და მომლაპარაკებლების კვალიფიკაციის ამაღლებაში ინვესტირება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში თანაბარ წარმომადგენლობას შეუწყობს ხელს, არამედ უფრო მდგრადი შედეგების მისაღწევად დადებით ცვლილებებსაც მოახდენს.

2019 წლის 5 სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით, (ინსტიტუტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ფუნქციონირებს) მედიაციისა და მოლაპარაკებების უნარ-ჩვევების შესახებ პრაქტიკულ სემინარს უმასპინძლა. სემინარს ის ქალები ესწრებოდნენ, რომლებიც ამჟამად მონაწილეობენ, ან შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ ფორმალურ და არაფორმალურ დონეზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესებში.

საჯარო და სამოქალაქო სექტორის თხუთმეტმა წარმომადგენელმა გაიარა ტრენინგი, რომლის უმთავრესი მიზანი მონაწილეთა მედიაციისა და მოლაპარაკებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და სამშვიდობო პროცესებში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის უკეთ გათავისება იყო. „ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინკლუზიური მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიღება, რაც ნებისმიერი მოლაპარაკების ეფექტიანობის საფუძველს წარმოადგენს. ასევე, სხვადასხვა ფორმატის სამშვიდობო პროცესებში, განსაკუთრებით კი გაჭიანურებული კონფლიქტების კონტექსტში, ქალთა მონაწილეობის დადებითი შედეგების გაცნობიერება. ამ ცოდნას პრაქტიკაში ნამდვილად გამოვიყენებ“, - აღნიშნა ტრენინგის ერთ–ერთმა მონაწილემ, არასამთავრობო ორგანიზაცია ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ელიკო ბენდელიანმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი აღნიშნული ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაწეული ტექნიკური მხარდაჭერის ის ნაწილია, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგთან დაკავშირებით აღებული გლობალური ვალდებულებების შესრულებასა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ლევან მიქელაძის სახელობის ინსტიტუტი ინკლუზიურ სამშვიდობო პროცესებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავენ. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქალთა, მათ შორის არაფორმალურ დონეზე, ეფექტიან, არსებით და უფრო ფართო მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების ყველა დონეზე და მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ ნებისმიერ ძალისხმევაში.