გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელს უწყობს ოჯახში ძალადობის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ევროკავშირი ხელს უწყობენ გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას.

პროექტ
პროექტ "უსაფრთხოების 10 გაკვეთილის" მონაწილე პატრულ-ინსპექტორები თამუნა მიგინეიშვილი და ლევან წიკლაური უსაფრთხოების საკითხებზე საუბრობენ; ფოტო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

სწორედ ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას წარმოადგენდა პროექტი „უსაფრთხოების 10 გაკვეთილი“, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსთან პარტნიორობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 54 საჯარო სკოლაში განხორციელდა. სასწავლო პროგრამის მიზანი არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობაზე, ცნობიერების ამაღლება იყო. პროგრამა სულ 5000-მდე მოსწავლემ გაიარა.

პროექტის ფარგლებში, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ის გადამზადებული თანამშრომლები საჯარო სკოლების მე-5 კლასის მოსწავლეებს მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე 10 გაკვეთილს უტარებდნენ. სპეციალურად შედგენილი გზამკვლევის საშუალებით, ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა თემატიკასთან ერთად, გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებს შესაბამისი როლური თამაშებით, კითხვა-პასუხის სესიებით, სავარჯიშოებითა და სხვა შემეცნებითი აქტივობებით აცნობდნენ, უყვებოდნენ საინტერესო მაგალითებს საკუთარი პრაქტიკიდან.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, პატრულ-ინსპექტორი ქეთევან ელერდაშვილი გაკვეთილებს შედეგიანს უწოდებს: „მცირე ასაკის მიუხედავად, ბავშვებს უკვე ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია ძალადობისა და დისკრიმინაციის შესახებ, თუმცა, ამ პროქტის მეშვეობით, ჩვენ შევძელით და რეალური მაგალითების განხილვით, თითოეულ ქმედებას სახელი დავარქვით. ვიმსჯელეთ, რა შეიძლება მოიმოქმედოს ბავშვმა, თუ ძალადობის შემსწრე გახდება და როგორ ამყარებს პოლიციელი საზოგადოებრივ წესრიგს”, - აღნიშნავს ქეთევან ელერდაშვილი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, 108 პატრულ-ინსპექტორმა გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგები გაიარა, დაიბეჭდა 600 გზამკვლევი „უსაფრთხოების 10 გაკვეთილი“, რომელიც სხვადასხვა თემასთან ერთად ბავშვებს მათთვის მარტივად აღსაქმელ ენაზე აწვდის ინფორმაციას დიკრიმინაციის, ძალადობის სახეების, ოჯახში ძალადობისა და ბულინგის შესახებ. ინიციატივა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში განხორციელდა.