გენდერული თანასწორობა სასკოლო გარემოს უსაფრთხოებისთვის

თარიღი:

ლია მიშელაძე, 24 წლის მანდატური. ფოტო: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
ლია მიშელაძე, 24 წლის მანდატური. ფოტო: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

„ყოველდღე თითოეულ მოსწავლეს, მათ ქმედებებსა და ჩვევებს გულდასმით ვაკვირდები. ძალიან მნიშვნელოვანია, არ გამომრჩეს ან დაზიანებები, ან ისეთი ქცევები, რაც შესაძლოა, ოჯახში ძალადობაზე მიანიშნებდეს“, - ჰყვება 24 წლის მანდატური ლია მიშელაძე, რომელიც თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

ლია ერთ-ერთია იმ მანდატურებს შორის, რომლებმაც გასულ წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ტრენერების ტრენინგი და სპეციალური მოდული „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“ გაიარეს. ახლა ის საქმიანობას უფრო ეფექტიანად წარმართავს და მიღებულ ცოდნას სხვა კოლეგებსაც უზიარებს.

„არასწორი წარმოდგენების შეცვლით, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და მასზე რეაგირების კუთხით, მანდატურებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეგვიძლია. ეს ტრენინგები კი სწორედ ჩვენს პროფესიაზეა მორგებული. ამავდროულად, გენდერულ თანასწორობასა თუ ოჯახში ძალადობაზე დეტალურ, ამომწურავ ინფორმაციას იძლევა. გვეხმარება, ამოვიცნოთ ძალადობის პირველი ნიშნები თუ სტერეოტიპები და ხელი შევუწყოთ სასკოლო გარემოში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას“, - აღნიშნავს ლია.

მანდატურთა ტრენინგები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ნაწილია, რომელსაც ხელი 4 აპრილს მოეწერა. მოდულის მიხედვით, ლიასთან ერთად გადამზადებული 14 მანდატური ტრენინგებს თავად ატარებს. სწავლება 150 მანდატურმა უკვე გაიარა და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

ზურაბ კვინიკაძე, 33 წლის მანდატური. ფოტო: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
ზურაბ კვინიკაძე, 33 წლის მანდატური. ფოტო: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

ტრენერია 33 წლის მანდატური ზურაბ კვინიკაძეც, რომელიც გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაშია განაწილებული. ამბობს, რომ მოდულის გავლის შემდეგ უკვე იმ დეტალებსაც ამჩნევს, რაზეც აქამდე ყურადღებას ნაკლებად ამახვილებდა.

„სამწუხაროდ, ზოგჯერ მოსწავლეები და, შესაძლოა, მასწავლებლებიც, სიტუაციას სტერეოტიპულად და არასწორად აფასებენ. მაგალითად, ამბობენ, რომ „გოგოები ამას ვერ შეძლებენ“ ან „სკოლაში ყველაფერს ბიჭები აშავებენ“. ახლა, როცა გენდერული თანასწორობის საკითხებს მეტად ჩავუღრმავდი, უკეთ შემიძლია მათი დამოკიდებულებების შეფასება, ვითარებაში გარკვევა და შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენა“, - ამბობს ზურა და მანდატურების როლსაც კიდევ უფრო ფართო მასშტაბით აფასებს: „ჩვენ არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ პედაგოგებისა და მშობლების ინფორმირებაც შეგვიძლია. მცდარი შეხედულებების ცვლილებაში ეს მათაც დაეხმარება, საბოლოოდ კი, ბავშვებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - დასძენს ზურა.

აღსანიშნავია, რომ სატრენინგო მოდული „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“ სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლებისთვისაცაა განკუთვნილი. მანდატურებთან ერთად, მომზადდნენ მასწავლებლებიც, რომლებიც ტრენინგებს კოლეგებს ჩაუტარებენ. გარდა ამისა, მემორანდუმის მიხედვით, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გათვალისწინებულია გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმის შექმნაც, რომელიც ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის კუთხით სკოლების ვალდებულების ეფექტიან შესრულებას შეუწყობს ხელს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.