მანდატურის სამსახური გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ
2021 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ტრენინგებს „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“ გადიან. პროექტის ფარგლებში გამზადებულმა მანდატურებმა ქვეყნის მასშტაბით 837 კოლეგისთვის 42 ტრენინგი ჩაატარეს. ინიციატივა, რომელიც სასკოლო გარემოში გენდერული სტერეოტიპების დაძლევასა და ძალადობის შემთხვევებზე შეტყობინებების გაზრდას ემსახურება, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილია. მას გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.
თარიღი:
„მანდატურის როლი გენდერული სტერეოტიპების დაძლევაში უმნიშვნელოვანესია“ ,- მირანდა ნოზაძე, 31 წლის, თბილისის 131-ე საჯარო სკოლის მანდატური
მირანდა ნოზაძე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში 2019 წლიდან მუშაობს. მისი მოვალეობა ძალადობის ყველა ფორმის პრევენცია და მათზე ეფექტიანი რეაგირებაა. როგორც ზოგადად საზოგადოებრივ, ისე სასკოლო ცხოვრებაშიც, გენდერული სტერეოტიპების უარყოფითი გავლენა ხშირად იჩენს ხოლმე თავს. მირანდა ამბობს, რომ ამ ფონზე მანდატურის როლი გენდერული სტერეოტიპების დაძლევაში უმნიშვნელოვანესია და მაგალითად კონკრეტული შემთხვევა მოჰყავს: „მახსენდება ერთ-ერთი მოსწავლე ბიჭი, რომელსაც, გულჩვილობის გამო, თანაკლასელები ხშირად დასცინოდნენ. ამ ქცევის მიზეზი სწორედ მყარად დამკვიდრებული სტერეოტიპი „ბიჭები არ ტირიან“ იყო. მანდატურებისა და კლასის დამრიგებლის ძალისხმევით, ეს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ თავად ფაქტი ადასტურებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციული, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებასა და მოსწავლეებში კონფლიქტების არაძალადობრივი გზებით მოგვარების, ტოლერანტობისა და თანასწორობის დამკვიდრებას“, - ამბობს მირანდა.
სწორედ ამ პროცესის ეფექტიან წარმართვას ეხმარება ტრენინგმოდული ,,გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“. მირანდამ, რომელმაც ტრენერთა ტრენინგი გაიარა, მოდულის საფუძველზე, საკუთარი გამოცდილება უკვე სხვა კოლეგებსაც გაუზიარა. როგორც თავად აღნიშნავს, სწავლების შემდეგ მონაწილეები უკეთ იაზრებენ იმ ნეგატიურ გავლენას, რომელსაც გენდერული სტერეოტიპები ზოგადად ცხოვრების ხარისხზე, რეალობის აღქმასა და შეფასებაზე ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით კი სასკოლო ცხოვრებაში ახდენს.
„კოლეგები ამბობენ, რომ ტრენინგები ეხმარება მათ, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი სასკოლო ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას და ძალადობის ნებისმიერ გამოვლენაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ“,- აღნიშნავს მირანდა და ფიქრობს, რომ განგრძობითი განათლება კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს მანდატურებს საქმიანობაში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
„მანდატურების ჩართულობით, ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის არაერთი ფაქტი გამოვლინდა“, - ლიკა ჭუმბურიძე, 33 წლის, დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრის უფროსი კოორდინატორი
„მქონდა შემთხვევა, როდესაც მოსწავლეს ძალადობის ნიშნები, კერძოდ კი ფიზიკური დაზიანება შევამჩნიე. რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად ყველა ღონისძიება გავატარეთ და სათანადო სამსახურებსაც შევატყობინეთ, თუმცა, ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეს ცოდნა, რომელსაც ამჟამად მანდატურები ძალადობის პირველადი ნიშნების ამოცნობის კუთხით ვფლობთ, მაშინ რომ მქონოდა, შესაძლოა, ბავშვზე განხორციელებული ოჯახური ძალადობა უფრო ადრე აღმომეჩინა“, - იხსენებს ლიკა ჭუმბურიძე, რომელიც 2019 წლიდან მანდატურის პოზიციაზე მუშაობდა, ახლა კი დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრის უფროსი კოორდინატორია. ტრენერთა ტრენინგი „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“ ლიკამ 2021 წელს გაიარა და შემდეგ აჭარისა და გურიის, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრების 150 მანდატური გადაამზადა.
ლიკა ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და არადისკრიმინაციული მიდგომების შესახებ შეხვედრებს მანდატურებისთვის, მოსწავლეებისა თუ პედაგოგებისთვის ახლაც ატარებს. ამბობს, რომ სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და ამ სივრცეზე საზოგადოებაში არსებული ყველა დამოკიდებულება, მათ შორის გენდერული სტერეოტიპებიც აისახება, ამიტომ სასკოლო ცხოვრებაში ჩართული სუბიექტების მომზადებასა და ცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული როლი აქვს.
„ტრენინგების მიმდინარეობისას თავად მონაწილეებიც აღნიშნავდნენ, რომ ამ სტერეოტიპებს სასკოლო სივრცეში ხშირად აწყდებოდნენ. შესაბამისად, სწავლება ერთგვარი წინაპირობაა არა მარტო სასკოლო სივრცეში თანასწორი, უსაფრთხო და არაძალადობრივი გარემოს ფორმირების, არამედ საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების ცვლილებებისთვის. მანდატურების მუშაობითა და ჩართულობით, ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის არაერთი ფაქტი გამოვლინდა“, - აღნიშნავს ლიკა და დასძენს, რომ ეს შედეგი სასკოლო სივრცეში სწორი ფასეულობების დამკვიდრდების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია.