მანანა ჯინჭარაძის სიტყვებით: „მასწავლებელი ყოველთვის ამჩნევს, როდესაც ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, ამიტომ მისი ნაბიჯები უმნიშვნელოვანესია“
თარიღი:
59 წლის მანანა ჯინჭარაძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში, დირექტორთა ეროვნული სკოლის პროგრამის კონსულტანტია. პროფესიით ფილოლოგს, საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ამავდროულად, იგი 2000-იანი წლებიდან ქალთა უფლებების კუთხითაც მუშაობს და ცდილობს, გენდერული თანასწორობა სასკოლო ცხოვრების განუყოფელ ღირებულებად აქციოს. მანანა ჯინჭარაძე სპეციალური მოდულის „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“ თანაავტორი და ტრენერთა ტრენერია. მოდული გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობით შეიქმნა. მის საფუძველზე კი თბილისში, ქვემო ქართლსა და გურიაში ოჯახში ძალადობის შესახებ სკოლის დირექტორების, მასწავლებელებისა და მანდატურების გადამზადება მიმდინარეობს.
2000-იანების დასაწყისში, როცა ქალთა უფლებებით დავინტერესდი და ამ საქმიანობაში ჩავერთე, გენდერზე საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობდა. ქალთა კოალიციის წევრი ვიყავი, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებდა და გენდერულ თანასწორობაზე მუშაობდა. პარალელურად გურიაში, ჩოხატაურის პირველ სკოლაში ვმუშაობდი: ჯერ მასწავლებლად, შემდეგ სასწავლო ნაწილის გამგედ, ბოლოს კი - უკვე დირექტორად. ეს ჩემ მიმართ კრიტიკას კიდევ უფრო ამძაფრებდა: ამბობდნენ, რომ ბავშვებისთვის არა თანასწორობა, არამედ ეროვნული ტრადიციები უნდა მესწავლებინა, ოჯახის დამანგრეველსაც მეძახდნენ, თუმცა მე ყოველთვის ყველა პოზიციას ვიყენებდი, რათა სკოლაში გენდერის კუთხით არსებული პრობლემები შემემცირებინა.
სკოლის დირექტორობიდან რესურსცენტრის უფროსად გადავედი, შემდეგ ჯერ ხარისხის განვითარების ცენტრში, მოგვიანებით კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში გავაგრძელე საქმიანობა. ახლა 2000-იანების პერიოდს რომ ვიხსენებ, ვხვდები, რამდენად წინ ვართ, თუმცა ერთი რამ უცველია: გენდერულ სტერეოტიპებს ყველაზე თვალსაჩინოდ კვლავაც სკოლა ასახავს. სწორედ ის წარმოაჩენს უთანასწორობისა და ძალადობის მასშტაბს. ასეთ დროს კი მასწავლებელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება: მას ხომ უდიდესი გავლენა აქვს მოსწავლეზე, მაშინაც კი, როცა ის პედაგოგს არ ეთანხმება.
ძალადობის თვალსაზრისით, ახლა სასკოლო სისტემის მთავარი გამოწვევა სამოქალაქო ცნობიერების დეფიციტია. სწორედ ეს იწვევს ჩვენს ჩამორჩენას. გვიჭირს აღსრულებაც, ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა, ამიტომ სპეციალურ მოდულში მაქსიმალურად ბევრი მაგალითია შეტანილი, საერთაშორისო კონვენციებსაც კი სასკოლო ცხოვრების ჭრილიდან განვიხილავთ. სავარჯიშოებში არის ემოციური მუხტიც, რაც პედაგოგს პროცესის მონაწილედ აქცევს.
ტრენინგებიდან ჩანს, რომ, წინა წლებთან შედარებით, მასწავლებლები თეორიულად წინ არიან, მოჰყავთ მაგალითები საკუთარი ცხოვრებიდან, გამოცდილებიდან, ერთგვარად ამოწმებენ დამოკიდებულებებსა და ქცევის სისწორეს. ინტერესიც მაღალია: სურთ, მეტი იცოდნენ, თუ რა გზაა გასავლელი ძალადობის აღმოჩენიდან მიმართვიანობამდე, გაიგონ კანონის, ელექტრონული სამაჯურების გამოყენების, დამცავი და შემაკავებელი ორდერების შესახებ, აინტერესებთ ტერმინების განმარტებები, რაც პოზიტიური სიგნალია.
მასწავლებელი ყოველთვის ამჩნევს, როდესაც ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, ამიტომ მისი ნაბიჯები უმნიშვნელოვანესია. მჯერა, ეს ტრენინგები ბევრ რამეს შეცვლის, ამიტომ მინდა, გაგრძელდეს და ახალი თემებიც, მაგალითად, გოგოებზე მორგებული გარემო, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება და ა.შ. მოიცვას“.