სკოლა გენდერული სტერეოტიპების გარეშე

თარიღი:

მარინე ჯამალაშვილი. ფოტო: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
მარინე ჯამალაშვილი. ფოტო: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

„სხვადასხვა ფორმისა და სიმძიმის ძალადობაზე რეაგირება ყოველდღიურად მიწევს და ვფიქრობ, ამჟამინდელი ცოდნითა და გამოცდილებით, წარსულის ზოგ შემთხვევაში, გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის ნიშნების უფრო სწრაფად ამოცნობას, სათანადოდ შეფასებასა და მსხვერპლი ბავშვების მყისიერ დახმარებას შევძლებდი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტრენინგების შემდეგ ჩემი ჩართულობა უფრო ეფექტიანია. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც გამეზარდა და სტერეოტიპების დაძლევას უკვე ყოველდღიურობაშიც ვცდილობ“, - ჰყვება მარინე ჯამალაშვილი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში 2011 წლიდან მუშაობს. იგი ძალადობის შემთხვევებს მართავს და ემოციური თუ ქცევითი სირთულეების მქონე მოზარდების რეფერირებას უზრუნველყოფს.

მარინე ერთ-ერთია მანდატურის სამსახურის იმ თანამშრომლებს შორის, რომლებმაც 2021 წლიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით, ტრენინგები „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“ გაიარეს და ახლა კოლეგების სწავლებას განაგრძობენ.

ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სკოლებში გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრაზე მუშაობას, მოსაწავლეების ცნობიერების ამაღლებასა და მათი თანასწორობაზე დაფუძნებული ღირებულებებით აღზრდას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები კი ამ პროცესის საკვანძო რგოლს წარმოადგენენ, რადგან, საქმიანობიდან გამომდინარე, უსაფრთხო, თანასწორი და ძალადობისგან თავისუფალი სასკოლო გარემოს ფორმირებას, გენდერული სტერეოტიპების დაძლევას, ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მასზე ეფექტიან რეაგირებას ემსახურებიან. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივაც, რომელიც სპეციალური მოდულის შექმნასა და მის საფუძველზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მანდატურების გადამზადებას ემსახურებოდა, უპირველესად სასკოლო გარემოში გენდერული სტერეოტიპების მსხვრევასა და ძალადობის შემთხვევებზე შეტყობინებების გაზრდას ისახავდა მიზნად.

მარინე ჯამალაშვილი ამბობს, რომ სწავლება მანდატურებს კომპეტენციის ამაღლებასა და საკუთარი მოვალეობების უფრო ეფექტურად შესრულებაში ძალიან ეხმარება: „ტრენინგების მონაწილეები აღნიშნავენ, რომ უკეთ გაერკვნენ გენდერის არსში, გააცნობიერეს ის უთანასწორობა, რასაც ქალები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდებიან“, - აღნიშნავს ის.

ქრისტინე ჭელიძე. ფოტო: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
ქრისტინე ჭელიძე. ფოტო: საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

პოზიტიურ ცვლილებებზე საუბრობს კიდევ ერთი ტრენერი ქრისტინე ჭელიძე, რომელსაც მანდატურად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს, ახლა კი ამავე სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს ქვემო ქართლის ცენტრის კოორდინატორია.

„ტრენინგების კურსის გავლის შემდეგ, თავადაც შევიცვალე და გენდერულად უფრო მგძნობიარე გავხდი, არა მხოლოდ პროფესიული, არამედ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის კუთხითაც. მახარებს, როცა მიღებულ ცოდნას კოლეგებს ვუზიარებ და შთამბეჭდავ უკუკავშირს ვიღებ. მჯერა, ყველა ასეთი შეხვედრა შედეგს აუცილებლად გამოიღებს“, - ამბობს ქრისტინე.

სულ პროექტის ფარგლებში გამზადებულმა მანდატურებმა ქვეყნის მასშტაბით 837 კოლეგისთვის 42 ტრენინგი ჩაატარეს. ინიციატივა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილს წარმოადგენდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებდნენ.