საქართველო გლობალურ ინიციატივას „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ შეუერთდა

თარიღი:

საქართველოს საფონდო ბირჟამ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტომ ქალთა საერთაშორისო დღე თბილისში ღონისძიებით „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ აღნიშნეს.

The event provided space for discussions about the role of the private sector in Georgia in empowering women at work
მარცხნიდან მარჯვნივ: ერიკა კვაპილოვა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში; ნინო დადუნაშვილი, ფინანსური დირექტორი, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია"; თამარ რაზმაძე, დამფუძნებელი შპს აზროვნების აკადემია ,,ლიტერატო" საბჭოს წევრი, ფონდი ,,ქალები მომავლისათვის"; ვალერი ჩეხერია, გენერალური დირექტორი, შპს ,,აჭარა გრუპი"; არჩილ ბაკურაძე, გენერალური დირექტორი, სს მისო ,,კრისტალი"; ფოტო: სამოქალაქო განვითარების სააგეტო

გენდერული უთანასწორობა ყველა ქვეყანაში ზრდისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ბოლოდროინდელი გამოთვლების თანახმად, გლობალური მშპ 2025 წლისთვის შეიძლება 5.3 ტრილიონი აშშ დოლარამდე გაიზარდოს, თუ იმავე პერიოდში ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობის კუთხით გენდერული უთანასწორობა სულ ცოტა 25%-ით შემცირდება.  „გენდერული უთანასწორობის შემცირებას შეუძლია ხელი შეუწყოს ზრდას და გააუმჯობესოს ბევრი ოჯახის ცხოვრება. სწორედ ამიტომაც, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ და მისმა პარტნიორებმა ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობისა და კერძო სექტორში მათი ლიდერობის ხელშეწყობისთვის ძალები გააერთიანეს,“ - განაცხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.

ღონისძიებაზე იმ როლზეც იმსჯელეს, რომლის შესრულებაც ქვეყნის კერძო სექტორს სამუშაო ადგილებზე, კორპორაციულ საწარმოო ჯაჭვსა და თემში ქალთა გაძლიერების კუთხით შეუძლია. ასევე, ყურადღება გამახვილდა გენდერული თანასწორობის ბიზნესმოდელზე. მთავრობის, მარეგულირებელი ორგანოების, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს წარმომადგენლების ერთიანი აზრით, სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობებს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება გამოწვევებთან, მათ შორის გავრცელებულ გენდერულ სტერეოტიპებთან წარმატებით გასამკლავებლად და ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გაძლიერების გასაფართოებლად.

Lena Vonka, a successful health-sector entrepreneur who has over 130 employees – mostly women – shared details on her experience in Norway
წარმატებულმა მეწარმე ლენა ვონკამ დამსწრე საზოგადოებას ნორვეგიული გამოცდილება გაუზიარა; ფოტო: სამოქალაქო განვითარების სააგენტო

წარმატებულმა მეწარმე ლენა ვონკამ, რომელსაც ჯანდაცვის სექტორში 130-ზე მეტი ქალი ჰყავს დასაქმებული, დამსწრე საზოგადოებას ნორვეგიის გამოცდილება გაუზიარა. ნორვეგიაში ქალთა გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობაზე ფოკუსირება ბიზნესის მდგრადობის გაზრდას უწყობს ხელს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ განაცხადა, რომ ქალთა გაძლიერება ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი იმპერატივი და მდგრადი განვითარების წინაპირობაა. ამავდროულად, მას შესწევს უნარი, ბევრი სიკეთე მოუტანოს კორპორაციულ საწარმოო ჯაჭვს, რომელშიც ქალები, როგორც მომწოდებლები, კონტრაქტორები, დისტრიბუტორები, თანამშრომლები და მომხმარებლები, მნიშვნელოვან როლებს ასრულებენ.

ღონისძიება „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მსოფლიო მასშტაბით მეოთხედ, თბილისში კი პირველად ჩატარდა. მას კერძო სექტორის, მთავრობის, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების 70-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ინიციატივას „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ დახმარება გაუწია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ორწლიანი პროგრამის „ერთობლივი მოქმედება საქართველოში ქალთა გაძლიერების ხელშესაწყობად“ ფარგლებში, რომლის განხორციელებას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელმძღვანელობს.