ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა

თარიღი:

მაღალი დონის შეხვედრა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისა და გენდერული კვოტირებისთვის შესაბამისი პოლიტიკური ნების მობილიზებას. ამას გარდა, ღონისძიებაზე ქალთა პოლიტიკური გაძლიერების კუთხით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა და სხვა ქვეყნების კვოტირების პრაქტიკის გაცნობაც მოხდა.

შეხვედრას მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება 8 მარტს თბილისსა და საქართველოს 20-ზე მეტ ქალაქში კვოტირების სისტემის შემოღების მოთხოვნით გამართულ აქციას ეხმიანებოდა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქალთა პოლიტიკური გაძლიერების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე პოლიტიკური პარტიების და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.