სახელმძღვანელო ქალთა უფლებების ადვოკატირება მონაცემებზე დაყრდნობით
სახელმძღვანელო მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში„ (IAGE) ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის მიზანია შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის მიღებისა და განხორციელების გზით, საქართველოში მცხოვრებ ქალთა დაუცველი ჯგუფების კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინება ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. პროექტის კონკრეტული მიზანია ქალთა ინიციატივების მხარდაჭერა ნდობის აღდგენისა და სოციალური სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ, პატიმარ, იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალთა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების გათვალისწინება.
პროექტის ერთ-ერთი მოსალოდნელი შედეგია გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე აქტივისტთა და ქალთა უფლებების დამცველთა გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ქალთა და გოგონათა დაუცველი ჯგუფების საჭიროებების შესაბამის პოლიტიკასა და კანონმდებლობაში ინტეგრაციის ადვოკატირება.
მოცემული სახელმძღვანელოს მიზანია წვლილი შეიტანოს ზემოხსენებულ ძალისხმევაში. იგი ეყრდნობა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს, რომლის ფარგლებშიც გამოკვლეულ იქნა საქართველოს 9 რეგიონში მომუშავე 41 ქალთა ორგანიზაციის ადვოკატირების შესაძლებლობები. სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია ავტორების მიერ დაგროვილი გამოცდილება, გაანალიზებულია მრავალი გამოქვეყნებული ნაშრომი, სხვადასხვა ნოვატორული პრაქტიკა და მსოფლიო მასშტაბით მიღებული გაკვეთილები. მასში აგრეთვე ასახულია საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე 54 საზოგადოებრივი ორგანიზაციის მონაწილეობით 2014 წლის თებერვალში ჩატარებული ტრენინგების დროს შეგროვებული ინფორმაცია.