გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის

თარიღი:

გამოფენა-გაყიდვის სტუმრები ერთ-ერთი მონაწილის პროდუქციას ეცნობიან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გამოფენა-გაყიდვის სტუმრები ერთ-ერთი მონაწილის პროდუქციას ეცნობიან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

არასტაბილური, სწრაფად ცვალებადი გარემო მეწარმე ქალებს განსაკუთრებულ გამოწვევებს უქმნის, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ცდილობს, ამ გამოწვევებს ახალი ინიციატივებით უპასუხოს. მათ შორისაა კერძო სექტორთან პარტნიორობები, რომლებიც მეწარმე ქალებს გაყიდვების განსხვავებული, პერსპექტიული ბაზრების მოძიებაში, სასარგებლო კავშირების დამყარებასა და ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაში დაეხმარება.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მრავალფეროვანი კონცეფციის კვების მოლის „ბაზარის“ თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც „ბაზარში“ ყოველი თვის პირველ პარასკევს, შაბათსა და კვირას მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვები მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ პირველი ასეთი ღონისძიება 7, 8 და 9 მარტს უკვე გაიმართა და ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

გამოფენა-გაყიდვის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ნაწარმს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქალები ქმნიან და ადგილზევე შეეძინათ ისინი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საკვები, სასმელი, ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები და სხვა პროდუქტები. მასში სულ 30 მეწარმე მონაწილეობდა. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ Fas Group-ის მმართველი პარტნიორის, ნათია სხვიტარიძისთვის, რომელიც მათ კრიზისებთან გამკლავების შესახებ ესაუბრა და საინტერესო რჩევებიც მისცა.

„ასეთი გამოფენები და ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეებისთვის, რათა ჩვენი ნამუშევრები და პროდუქცია ფართო საზოგადოებას გავაცნოთ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობას“,- აღნიშნა ნათია ჯოხაძე-მჭედლიშვილმა, რომელიც ხელნაკეთ აქსესუარებს დაახლოებით 10 წელია ქმნის და გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ გორიდან ჩამოვიდა.

საგულისხმოა, რომ გამოფენას 8 მარტს, დანიის ელჩი საქართველოში ანნე ტოფტ სორენსენი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და „ბაზარზე ორბელიანზე“ წარმომადგენელი ანი ბარათაშვილი ესტუმრნენ. ამავე დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და „ბაზარს“ შორის შესაბამისი თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.

„ბაზარი“განთავსებულია თბილისის უძველეს შენობაში, რომლის ისტორიაც XIX საუკუნიდან იწყება. აღსანიშნავია, რომ ნაგებობის ძირითადი ნაწილი ბაზრის ფუნქციას იმ პერიოდიდან ასრულებს, მისი ტრადიციები და მნიშვნელობა კი არაერთ ადგილობრივსა თუ ტურისტს იზიდავს. შესაბამისად, გამოფენა-გაყიდვების ორგანიზებისთვის „ბაზარი“ ერთ-ერთი პერსპექტიული სივრცეა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ბაზარის“ინიციატივის ფარგლებში, წლის განმავლობაში გამოფენა-გაყიდვებში სულ 300-მდე მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებები მათთვის სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრებისა და მასტერკლასების გამართვასაც მოიაზრებს, რაც მონაწილეებს კონკრეტული რჩევებისა და რეკომენდაციების მიღებაში, სასარგებლო კავშირების დამყარებასა და გაყიდვების გაზრდაში დაეხმარება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ბაზარის“ თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილია, რომელსაც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ახორციელებენ.