ხუთი კითხვა: „ელექტრონული ზედამხედველობა მსხვერპლის მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“

თარიღი:

ანა ფაჩუაშვილი. ფოტო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ანა ფაჩუაშვილი. ფოტო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ანა ფაჩუაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსია. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, უწყებამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისიდან რისკების შეფასების ინსტრუმენტი და ელექტრონული ზედამხედველობის სტანდარტი განახლდა და ძალადობის მსხვერპლებზე მეტად ორიენტირებული გახდა. ამ პროცესში ანა ფაჩუაშვილი აქტიურად მონაწილეობდა.

რას წარმოადგენს რისკების შეფასების ინსტრუმენტი და ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა?

რისკების შეფასების ინსტრუმენტი სტრუქტურირებული კითხვარია, რომლის მეშვეობითაც, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების მიღებისას, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი აფასებს ძალადობის განმეორების რისკებს. სწორედ ამ კითხვების დახმარებით იღებს ის მაქსიმალურ ინფორმაციას ძალადობის ფაქტისა და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, ავლენს, რა რისკის წინაშე დგას კონკრეტული მსხვერპლი და არის თუ არა მოძალადის მხრიდან განმეორებითი ძალადობის ჩადენის ალბათობა. ეს ინსტრუმენტი პოლიციელს აძლევს სწორი გადაწყვეტილების მიღებისა და განმეორებითი ძალადობის აღკვეთის მიზნით, ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას.

სწორედ კითხვარით დაიდენტიფიცირებული რისკების საფუძველზე, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, პოლიციელს ეძლევა შესაძლებლობა, მსხვერპლს ელექტრონული ზედამხედველობა შესთავაზოს. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 30 დღეს.

ელექტრონული ზედამხედველობა მსხვერპლის მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. იგი გულისხმობს ელექტრონული საშუალებების გამოყენებას, კერძოდ, მოძალადისთვის განკუთვნილ სამაჯურს, რომელიც მას კიდურზე უმაგრდება და მოძალადისა და მსხვერპლის მიმღებ აპარატებს. ეს აპარატები მობილური ტელეფონის მსგავსი მოწყობილობებია. ელექტრონული ზედამხედველობით, მოძალადის მხრიდან მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი ხდება. თუ მსხვერპლი მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ შედგება ოქმი, რომელიც დასამტკიცებლად სასამართლოს წარედგინება.

როგორ მიმდინარეობს თავად ელექტრონული ზედამხედველობის პროცესი?

ელექტრონული ზედამხედველობის ამოქმედებისას, მსხვერპლის მოთხოვნის გათვალისწინებით, წინასწარ განისაზღვრება და შემაკავებელი ორდერის აკრძალვის პირობებში აისახება გარკვეული ლოკაციები. მაგალითად, მისი სახლი, სამსახური ან სხვა ადგილი და ამ ტერიტორიებზე მოძალადეს მსხვერპლთან მიახლოება აეკრძალება.

დადგენილია რადიუსებიც: 100-მეტრიანი რადიუსი საგანგაშო ზონას ნიშნავს, 500-მეტრიანი კი — ბუფერულს. ამ მანძილებს ავტომატურად განსაზღვრავს მიმღები აპარატები, რომლებიც მსხვერპლსაც აქვს და მოძალადესაც და როგორც კი დასაშვები დისტანცია ირღვევა, სიგნალი 112-ის მონიტორინგის ცენტრს მყისიერად გადაეცემა.

თუ მოძალადე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შეაღწევს, საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნას არ შეასრულებს ან/და ელექტრონულ ზედამხედველობას თავს აარიდებს, მისი ეს ქმედებები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებად განიხილება.

საგულისხმოა, რომ აპარატები განგაშის სიგნალს აწვდიან არა მარტო 112-ს, არამედ მოძალადესაც და მსხვერპლსაც. პოლიცია ყველა სიტუაციაში ერთვება, უკავშირდება როგორც მოძალადეს, ისე მსხვერპლს და იღებს მყისიერ ზომებს მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

როგორია თავად მსხვერპლის როლი ელექტრონული ზედამხედველობის პროცესის ეფექტიანად მუშაობაში?

მსხვერპლის თანხმობა ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის გამოყენებისას უმნიშვნელოვანესია, რადგან მისი თანხმობის გარეშე პოლიციელი მექანიზმს, რომელიც მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის ძალიან ეფექტიანი სისტემაა, ვერ გამოიყენებს.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც მოძალადე შემაკავებელი ორდერის პირობას არღვევს, თუმცა მსხვერპლი ან სხვა პირები სამართალდამცავებს არ ეუბნებიან, რომ ის გარკვეული ტიპის კომუნიკაციას ამყარებს, მიდის საცხოვრებელ სახლთან და ა.შ. ელექტრონული ზედამხედველობა ამგვარ შემთხვევებსაც აზღვევს. მსხვერპლს პოლიციისთვის მიმართვა აღარ უწევს, 112-ის მონიტორინგის ცენტრი უკვე თავად აკონტროლებს ორდერით მოძალადისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების პროცესს.

როგორ აისახება რისკების შეფასების შეცვლილი ინსტრუმენტი და ელექტრონული ზედამხედველობის განახლებული სტანდარტი მსხვერპლების უსაფრთხოებაზე?

ცვლილებების შედეგად, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა, რისკების შეფასების ინსტრუმენტში კონკრეტული კითხვები შინაარსობრივად უფრო გამართული და მსხვერპლზე მეტად მორგებულია, რაც პოლიციელის მიერ ძალადობის რისკების კიდევ უფრო უკეთ იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. შეცვლილია უშუალოდ რისკების დონეებიც და ადრე თუ მაღალი, საშუალო და დაბალი დონეები იყო, ახლა მხოლოდ რისკი და მაღალი რისკი არსებობს. თუ ძველი ინსტრუმენტით გარკვეული რისკები საშუალოდ ფასდებოდა, ახლა ისინი უკვე მაღალ რისკებად იდენტიფიცირდება და, ბუნებრივია, მსხვერპლისთვის ელექტრონული ზედამხედველობის შეთავაზების მეტ შესაძლებლობას იძლევა.

როგორია ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების სტატისტიკა და აისახა თუ არა განხორციელებული ცვლილებები მასზე?

2020 წლიდან, როცა სისტემა ამოქმედდა, მიმდინარე წლის პირველ მაისამდე დაახლოებით 44 შემთხვევაში მიეცათ სამართალდამცავებს მსხვერპლებისთვის ამ მექანიზმის შეთავაზების შესაძლებლობა. 2023 წლის მაისიდან სექტემბრის თვის ჩათვლით 68 ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდა. ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები მეტ მსხვერპლს აძლევს ელექტრონული ზედამხედველობისა და უსაფრთხოების მაქსიმალურად ეფექტიანი მექანიზმის გამოყენების საშუალებას.