ხუთი კითხვა: „ქალებმა ძალიან ბევრი გააკეთეს ნდობის აღდგენისთვის“

თარიღი:

ელიკო ბენდელიანი. ფოტო: ელიკოს პირადი არქივი
ელიკო ბენდელიანი. ფოტო: ელიკოს პირადი არქივი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ქალებისა და ახალგაზრდების სამშვიდობო პროცესებში ჩართულობაზე აქტიურად მუშაობს და ამ მიზნით, სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე ელიკო ბენდელიანი არა მარტო მონაწილეობს ამ აქტივობებში, არამედ თავადაც მუდმივად ცდილობს, სამშვიდობო პროცესებში მეტი ქალი და ახალგაზრდა იყოს წარმოდგენილი.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორია საქართველოში ქალების ინტერესი სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით?

როცა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონაბში ჩავდივარ და იქაურ მოსახლეობას ვხვდები, შესამჩნევია, რომ დამსწრეთა შორის ქალები უფრო მეტნი არიან, ყოველთვის ძალიან აქტიურობენ, პრობლემების მოგვარების გზებზეც თამამად მსჯელობენ, მაგრამ შემდეგ, პრაქტიკაში მათი ჩართულობა უფრო ტექნიკურ საკითხებზე მუშაობით შემოიფარგლება ხოლმე, ვიდრე უშუალოდ პროცესში ყოფნით.

მიუხედავად ამისა, ქალებს აქვთ სამშვიდობო ინიციატივების წარმატებული მაგალითები, რომლებიც, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. როგორც წესი, ისინი შიშობენ ხოლმე, რომ შეიძლება, პროცესის გასაჯაროებით შედეგი დაზიანდეს, ამიტომ ხმამაღლა ლაპარაკისგან თავს იკავებენ, თუმცა, ბოლო წლებში ქალებმა ძალიან ბევრი გააკეთეს ნდობის აღდგენისთვის და საკუთარი საქმიანობით ღირებული წვლილი შეიტანეს ამ პროცესში.

როგორ ფიქრობთ, რა არის ქალების დაბალი ჩართულობის, მათი წვლილის ნაკლებად წარმოჩენის მიზეზი?

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ მყარია სტერეოტიპული წარმოდგენები, რომ კონფლიქტები და სამშვიდობო პროცესები ქალისთვის შესაფერისი არ არის. ქალების სამშვიდობო და/ან კონფლიქტების დარეგულირების პროცესებში ჩართულობის საჭიროების აღიარების პარალელურად, არ არსებობს მექანიზმები, რომლებიც მათ მონაწილეობას წაახალისებს. ისინი ან არ არიან, ან ნაკლებად არიან წამოდგენილები გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, შესაბამისად, არ გვევლინებიან აქტორებად, რომლებსაც ცვლილებების მოტანა და რეალურ პოლიტიკაზე გავლენების მოხდენა შეუძლიათ.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნაკლებადაა გავრცელებული სასწავლო პროგრამები მშვიდობისა და კონფლიქტების თემატიკაზე, რაც ქალებს შესაბამის პროცესებში მონაწილეობისთვის მოამზადებდა და გააძლიერებდა.

რა საერთო გამოწვევებს გამოყოფდით ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებიც ამჟამად სამშვიდობო პროცესებში კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს წარმოადგენენ?

დღესდღეობით კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფი ახალგაზრდა ქალებისთვის ყველაზე დიდ პრობლემად პირდაპირი კომუნიკაციის გზების არარსებობა რჩება. სამშვიდობო მიმართულებით მომუშავე ჯგუფი საკმაოდ აქტიურია, თუმცა მათ პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება არასდროს ჰქონიათ. სოციალური მედია კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ, ამავდროულად, გამოწვევებით სავსეც. საქმე იმაშია, რომ ამ სივრცეში უფრო აქტიურები ნეგატიურად განწყობილი, აგრესიული ადამიანები არიან, რომლებიც სამშვიდობო პროცესების შედეგიანად წარმართვას ხელს არ უწყობენ.

ჩვენს მხარეს პრობლემას წარმოადგენს სიღრმისეული ინფორმაციის ნაკლებობაც, რაც შეხვედრებზე მკაფიოდ წარმოჩინდება ხოლმე, ამიტომ ვფიქრობ, მეტი ცოდნა, ჩამოყალიბებული მოსაზრებები და ადრე არსებული წარმოდგენების კრიტიკულად გადააზრება მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტორი ისაა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე ახალგაზრდები ერთმანეთს არ იცნობენ, მათ არც თანაცხოვრების გამოცდილება აქვთ. სამწუხაროდ, კონფლიქტების შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც საზოგადოებებს შორის კომუნიკაცია მინიმალური დოზით არსებობდა. მერე ახალი თაობები გაჩნდნენ, გაუცხოება გაიზარდა და მისი დაძლევის აუცილებლობაც გამოიკვეთა.

რა ნაბიჯების გადადგმა შეარბილებდა თქვენ მიერ დასახელებულ გამოწვევებს?

ქალთა გაძლიერების მიმართულებით სისტემატური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ქალებს სჭირდებათ, რომ მათი როლი აღიარებული იყოს, სამოქალაქო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივები კი - მხარდაჭერილი.

ამასთან, ქალების პოლიტიკური მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის მიზნობრივი ჩარევა და იმგვარი პროექტების განხორციელებაა საჭირო, რომლებიც მათი პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობისკენ იქნება მიმართული.

ჩემი გადმოსახედიდან, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალებს მივცეთ რწმენა, რომ ცვლილებების მოტანა შეუძლიათ. მათ განსხვავებული, სამშვიდობო, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დღის წესრიგის შექმნის პოტენციალი აქვთ, მეტი შესაძლებლობა და პოლიტიკური ასპარეზი სჭირდებათ, რათა რეალური გადაწყვეტილების მიმღებებად იქცნენ და მათი ჩართულობა მხოლოდ სიმბოლური ან ფასადური არ იყოს.

რამდენად მაღალია ახალგაზრდებში კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების მიმართ მგრძნობელობა?

სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდები კონფლიქტების თემას სხვადასხვა სიმწვავით აღიქვამენ. გამყოფი ხაზების ირგვლივ მცხოვრებთათვის ეს საკითხი ყოველდღიურ უსაფრთხოებას უკავშირდება, დევნილებისთვის კი განცდებს, რომლებიც მათ ცხოვრებაში განსხვავებული სიმძაფრით შეიჭრა, ამიტომ, როგორც წესი, მათი მოტივაციაც უფრო მაღალია ხოლმე.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა თაობა საზოგადოების ის ნაწილია, რომელსაც სიღრმისეული ინფორმაცია ყველაზე მეტად აინტერესებს და მზაობაც, თუნდაც განსხვავებული ნარატივების მიმართ, მეტი აქვს. ამ ფაქტს მოწმობს მზარდი მოთხოვნა იმ კურსების, პროგრამებისა თუ ტრენინგების მიმართ, რომლებიც კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების კუთხით არსებობს. დიდია უკვე წარმატებული, რეალიზებული და სხვადასხვა სტრუქტურაში მომუშავე ახალგაზრდების სურვილიც, რომ ინფორმაციული ვაკუუმი შეივსონ, პროცესებში ჩაერთონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ყველამ ერთად არ ვიფიქრეთ გამოსავალზე, პროგრესის მიღწევა რთული იქნება.