გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელს უწყობს ზრუნვის სერვისების გაძლიერებას

თარიღი:

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პერსონალური ასისტენტებისთვის ჩატარებული ლიცენზირებული ტრენინგკურსების მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ფოტო: ორგანიზაცია "ხელი ხელს"
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პერსონალური ასისტენტებისთვის ჩატარებული ლიცენზირებული ტრენინგკურსების მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ფოტო: ორგანიზაცია "ხელი ხელს"

ქალების სურვილსა და უფლებას, სრულყოფილად მონაწილეობდნენ შრომის ბაზარზე და ჰქონდეთ საკუთარი პროფესიული პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა, ხშირად ზრუნვისა და საშინაო შრომის არათანაბარი გადანაწილება აფერხებს. ეს პრობლემა აქტუალურია როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, მისი სიმწვავე კი სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის სამუშაო ძალის გამოკითხვით, ქალების 56,9% ეკონომიკურად არააქტიურია, რაც ყველაზე ხშირად არაანაზღაურებადი ზრუნვითაა განპირობებული. ამავდროულად, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის დროის გამოყენების კვლევის შედეგებით, ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ არაანაზღაურებად საშინაო შრომას, ვიდრე კაცები. ეს დისბალანსი კი არა მარტო ქალების გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობას, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას აფერხებს.

გლობალური პრაქტიკა ადასტურებს, რომ ამ გამოწვევის დაძლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ზრუნვისა და მხარდაჭერის სერვისებში ინვესტიციაა, რადგან ის ხელს უწყობს არა მარტო ხარისხიანი მომსახურების განვითარებას, არამედ ზრუნვის პასუხისმგებლობების სამართლიან გადანაწილებას. საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2024 წლის განმავლობაში ზრუნვისა და მხარდაჭერის სერვისების გაძლიერებასა და გაფართოებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. ამ მიმართულების ნაწილს წარმოადგენდა ლიცენზირებული ტრენინგკურსები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პერსონალური ასისტენტებისა და შინმოვლის სპეციალისტებისთვის, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩატარდა.

ინიციატივის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 15 მუნიციპალიტეტში 8 ტრენინგკურსს 148 ზრუნვის მუშაკი დაესწრო. მათ შორის, 84-მა შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის სწავლება გაიარა, 64-მა კი - შინმოვლის სპეციალისტის. კურსების შედეგად, მონაწილეებმა მიიღეს ის მნიშვნელოვანი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია შშმ პირებსა და მოხუცებზე ზრუნვის ხარისხის გასაუმჯობესებლად. კურსდამთავრებულთა უმეტესობა (130) ქალია, რაც სექტორის ფემინიზაციასა და სამომავლოდ დასაძლევ გამოწვევაზე მიანიშნებს, თუმცა, ამავდროულად, ღირებულია სოციალური ზრუნვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებით ქალების მდგრადი დასაქმების შესაძლებლობის გაზრდისთვის. საგულისხმოა, რომ ზრუნვის მუშაკებს შორის იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ანაზღაურებად მზრუნველობას წლების განმავლობაში ეწეოდნენ, თუმცა ფორმალური სწავლება არ ჰქონდათ გავლილი.

"ჩემთვის, როგორც მედდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ამ ტრენინგკურსში მონაწილეობა, რათა გამეღრმავებინა ცოდნა ავადმყოფის მოვლის შესახებ. შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში ის ძალიან გამომადგება", - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ, ირმა მუმლაძემ.

“მეგონა, რომ ყველაფერი კარგად ვიცოდი შშმ პირებისა და მათთან მუშაობის შესახებ. პერსონალური ასისტენტის მოსამზადებელი სატრენინგო კურსის გავლის შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ მათთან მუშაობის პროცესში რაღაცები უნდა შევცვალო. გავიღრმავე ცოდნა, შევიძინე საჭირო უნარ-ჩვევები, რაც გამომადგება, ეფექტიანად დავუჭირო მხარი შშმ პირებს და რაც მთავარია, ხელი შევუწყო მათ, გახდნენ მეტად დამოუკიდებლები”, - დასძინა აკაკი ხაიაურმა, რომელიც 2015 წლიდან რუსთავის დღის ცენტრ “გენში” მუშაობს. აკაკი ერთ-ერთია იმ 18 კაცს შორის, რომლებმაც ტრენინგკურსები წარმატებით დაასრულეს და საკუთარი მაგალითით ცვლიან სტერეოტიპს, თითქოს ზრუნვის შრომა მხოლოდ ქალების მოვალეობაა.

კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატებიც, რაც დაეხმარება მათ, დასაქმდნენ პერსონალური ასისტენტის ან შინმოვლის სპეციალისტის პოზიციაზე ან გააუმჯობესონ საკუთარი სამუშაოს ხარისხი. ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყანაში სახელმწიფო ზრუნვის სერვისების განვითარებას, თუმცა ამ მიმართულებით კვლავაც არაერთი გამოწვევა რჩება და გაეროს ქალთა ორგანიზაცია მათ დასაძლევად მუშაობას განაგრძობს.

ტრენინგკურსები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პერსონალური ასისტენტებისა და შინმოვლის სპეციალისტებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა.